ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ „ამერიკას გულში დანას ჩაარჭობს“.
ის აშშ-ის და ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებით იმუქრება.
„ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც მათ გულში დანას ჩავარჭობთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, – აღნიშნავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი.
ალი ლარიჯანი ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი და აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო. მისი თქმით, მალე დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნებიან.
ამასთან, ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების დაბომბვას გააგრძელებს.
„ერთხელ და სამუდამოდ ნათელი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს ირანელი ერის ჩაგვრა არ შეუძლიათ“, – განაცხადა ლარიჯანიმ.

