,,წუხელ ჩემს რეზიდენციაში მოვიდა ქართველ მუსლიმთა ოფიციალური პირებისა და ლიდერების ჯგუფი, რათა გამოეხატათ თანაგრძნობა და სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილის, ასევე არაერთი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის მინაბის დაწყებითი სკოლის 158 გოგონას, დაღუპვის გამო.
ამ შეკრებაზე აღინიშნა, რომ ირანის მოწამეობრივად აღსრულებული სულიერი ლიდერი, სანქციებისა და საგარეო ზეწოლის რთულ წლებში, პასუხისმგებლობით აღსავსე მამასავით ხელმძღვანელობდა დიდ ოჯახს, ხოლო როცა სანქციები ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უდიდეს ზეწოლას ახდენდა, ის ქვეყანას იცავდა არასტაბილურობისაგან. მისი ხასიათი, ლიდერობის სტილი და ქცევა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ზრდიდა თაობას, რომელსაც დღეს აქვს საჭირო მზადყოფნა და უნარი, დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა.
პოლიტიკური პოზიციის გარდა, მას ასევე ეკავა გამორჩეული პოზიცია მსოფლიოს ასობით მილიონ შიიტს შორის და ჰქონდა ფართო სოციალური და რელიგიური როლი. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს შიიტური საზოგადოების ნაწილი ასეთი პიროვნების დაკარგვის გამო მწუხარებას განიცდის. მაგრამ აშურას მოვლენები და წმინდა ზეინაბის გზავნილი აჩვენებს, რომ მოთმინება, განათლება და სიმართლის თქმა ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი გზაა. დღეს ასევე აუცილებელია ამ მოვლენების შესახებ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისთვის რაციონალური და მორალურად გამართული ენით ინფორმაციის მიწოდება; საჭიროა ამ ამბის ისეთი ენით გადმოცემა, რომელიც სცილდება რელიგიურ და კონფესიურ საზღვრებს და მიმართავს მსოფლიოს გამოღვიძებულ და თავისუფალ სინდისს.
ამ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: ნებისმიერი სახის თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, დასაგმობია და მორალურად შეუწყნარებელი.
რეგიონული სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება საერთო პასუხისმგებლობის საგანია, ხოლო, დაძაბულობის თავიდან აცილება საჭიროებს გონივრულობას, თავშეკავებასა და დიალოგს. ხალხებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას კრიზისების დაძლევისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების განმტკიცებისთვის.
ეს გულწრფელი სამძიმარი წარმოადგენდა ადამიანური სოლიდარობისა და რელიგიური პასუხისმგებლობის გამოვლინებას. ყოველივე ეს შეგვახსენებს, რომ მხოლოდ მოთმინებით, დიალოგითა და ურთიერთპატივისცემით არის შესაძლებელი ბავშვებისა და ხალხებისთვის უფრო უსაფრთხო სამყაროს აშენება.
დასავლურ ქვეყნებში მუსლიმური თემების მიმართ ზოგიერთი პოლიტიკური მიდგომა ყოველთვის განხილვისა და კრიტიკის საგანი გახლდათ. ამასთანავე, ქვეყნების გამოცდილება განსხვავებულია, ხოლო ერთგვაროვანი სურათის წარმოდგენა — შეუძლებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის გახლავთ, თუ რამდენად პრაქტიკულად იცავენ სახელმწიფოები რელიგიის თავისუფლების, ადამიანის ღირსებისა და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებს.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოში, სადაც ხელისუფლებას ოფიციალურად აღიარებული აქვს მუსლიმური თემის უფლებები, ხოლო მათი რელიგიური და სოციალური საქმიანობისთვის უზრუნველყოფილი აქვს სამართლებრივი ჩარჩო და ოფიციალური სივრცე, ისევე როგორც სხვა რელიგიებისთვის. ურთიერთპატივისცემასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეს მიდგომა რეგიონში ღირებულ მაგალითს წარმოადგენს.
გასულ წლებში, საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები ირანის ლიდერებთან შეხვედრებსა და დისკუსიებში ხაზს უსვამდნენ რელიგიათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას და ურთიერთობის პოზიტიურ როლს. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის, მის უწმინდესობას, ილია II-სა და ირანის სულიერ ლიდერს შორის თეირანში ვიზიტის დროს გამართული გულთბილი შეხვედრა და საუბარი, რაც ურთიერთპატივისცემისა და რელიგიური დიალოგის გამოხატულებას წარმოადგენდა.
კავკასიის ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მუსლიმები და ქრისტიანები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პოლიტიკური კონფლიქტები არ უნდა დავიყვანოთ რელიგიურ ან კონფესიურ დაპირისპირებამდე.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რაც არ უნდა რთული იყოს, პოლიტიკური ხასიათისაა და მათი გადაჭრის გზები პოლიტიკის, დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა ვეძებოთ.
ამჟამინდელ ვითარებაშიც აუცილებელია, რომ ნარატივები იყოს გამჭვირვალე, დასაბუთებული და პასუხისმგებლობით გადმოცემული. ის ვითარება, რომ ამერიკა ცდილობს თითოეულ სამხედრო ქმედებას ახალ-ახალი გამართლება მოუძებნოს, უპირველეს ყოვლისა, ხაზს უსვამს დიპლომატიის გზაზე დაბრუნებისა და ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობას. რეგიონსა და მსოფლიოს დღეს უფრო მეტად სჭირდება პასუხისმგებლიანი დიალოგი და გამომფიტავი ომების თავიდან აცილება”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

