ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

ირანის ელჩის 90-დღიანი ანგარიში „დიპლომატია ომის პარალელურად” – სეიედ ალი მოუჯანი შეფასებები საქართველოდან

,,ანგარიში, რომელიც დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან თეირანში გაიგზავნება
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
სეიედ ალი მოუჯანი
დღეს ჩემი, როგორც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, მისიის დაწყებიდან ოთხმოცდამეათე დღეა. სამუშაო დღეს ვიწყებ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ცოტა ხნის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ათ პირობას დაეთანხმა ომის შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისათვის.
ომი, რომელიც ირანელი ხალხის საყოველთაო, ფართო და ყოვლისმომცველი თავდაცვით, საზოგადოებრივი ჩართულობითა და სოლიდარობით წარიმართა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ.
ომი, რომელმაც შექმნა ახალი წესრიგი დასავლეთ აზიის რეგიონალურ ბალანსში და რომლის გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე თვალნათელია.
○ ომი, რომელმაც თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და დრონების დევნით აჩვენა, რომ ირანის ცა ღია აღარ არის, და ახლა ევროპის ცაა ამერიკისთვის დახურული.
○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანის ძალა ატომურ ბომბზე არაა დამოკიდებული.
○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ატომური სიძლიერითა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით, მაგალითისთვის – გოგონათა დაწყებით სკოლაზე თავდასხმით – გამარჯვებას ვერ იზეიმებ.
○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანი არის სისტემა, და არა მხოლოდ ერთი პიროვნება.
დღეს ირანის შვილების მოწამეობრივი სიკვდილიდან მეორმოცე დღეა და 15:00 საათზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ირანელი და ქართველი დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
მთელი ეს პერიოდი ირანი სამშობლოსა და ადამიანების სიცოცხლეს ღმერთისადმი რწმენით იცავდა. ეს პატრიარქის ილია II-ის ის სამი ძირითადი პრინციპია, რომლისკენაც ყოველთვის მოუწოდებდა ქართველ ხალხს.
თავდაცვის პროცესში ირანის მიერ მიღწეული შედეგების სტრატეგიული ღირებულება აგრესორთათვის წარმოუდგენელი იყო. ისინი თავდასხმით შეეცადნენ ირანის დასუსტებას და მის განადგურებასაც კი. მაგრამ იმან, რაც მოხდა, ცხადყო, რომ ღრმა ფესვების მქონე ცივილიზაციის ომით განადგურება შეუძლებელია. ეს ხალხებია, რომლებიც რთულ მომენტებში თავიანთ ნამდვილ ძალას ავლენენ.
ამ 90 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროებამდე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, ფართო თავდაცვით ომში იმყოფებოდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუშაობდა ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა ირანში – უწყვეტ და სისტემატურ რეჟიმში.
შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე, მედიის წარმომადგენლებთან, საკონსულო მომსახურებისა და დახმარების გაწევა, ირანისა და რეგიონის მოვლენების დეტალური ანალიზი ჩემი და ჩემი კოლეგების მისიათა მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა.
ამ ოთხმოცდაათი დღის გამოცდილებამ, რომლის დროსაც ორდღიანი მოკლე მისიით, ინსტრუქციების მისაღებად საქართველოდან გავედი და დავბრუნდი, შესაძლებლობა მომცა, საქართველოში არსებული ვითარება გამეცნო.
ჩემი პირველი სამუშაო მისია საქართველოში 1992 წელს, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან რამდენიმე თვეში შედგა. მას შემდეგ იმ დრომდე, სანამ 90 დღის წინ, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში ურთიერთობების მართვას ჩავიბარებდი, რამდენჯერმე ვიმყოფებოდი სამუშაო ვიზიტით საქართველოში.
90 დღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, ანგარიშში, რომელსაც დღეს დავწერ ჩემი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისთვის თეირანში, ღირებულ გამოცდილებას გავუზიარებ. ანგარიში, რომელიც ირანში დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 30 წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაშინ შეძლებენ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები, აღმოაჩინონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სიღრმისეული ხედვა ამ ახალ პერიოდში.
ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოში სხვადასხვა ოფიციალურ პოლიტიკურ პირებთან, გამოჩენილ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებთან და ასევე თითოეულ ღირსეულ ადამიანთან საუბრებისა და ურთიერთობის ღირებულ გამოცდილებას.
ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულბების მრავალფეროვნებისა და განსხვავების მიუხედავად, საერთო იდეალების – ეროვნული იდენტობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ერთგულნი არიან.
საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეასრულოს.
ეს ხიდი მნიშვნელოვანია, როდესაც:
□ დაკავშირებულია მრავალ მაგისტრალთან;
□ მასზე გადაადგილება შესაძლებელია შეუფერხებლად;
□ აქვს დაბალი ფასის უპირატესობა მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირებისათვის
და……
როდესაც ირანის მთავრობამ ელჩის რანგში ჩემი თბილისში გამოგზავნა გადაწყვიტა, პრეზიდენტ ფეზეშქიანისგან მკაფიო მითითება მივიღე – მემუშავა ურთიერთშემავსებელი და რეგიონალური ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით; თანამშრომლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის.
მთელი ამ 90 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე თქვენი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, პარტიათა წარმომადგენლებთან თუ ცალკეულ პიროვნებებთან, ყურადღებას ვამახვილებდი კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი დიალოგის, ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის, რაციონალურობის, სარგებლისა და დანაკარგის გათვალისწინების პრინციპებზე საერთაშორისო ურთიერთობებში.
პრინციპები, რომელთაც საქართველოს, როგორც დერეფნის როლის და ირანის უნიკალური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფართო რეგიონის, კერძოდ, აზიისა და ევროპის ორი კონტინენტის სტაბილურობასა და განვითარებას.
დღეს ირანი, ასრულებს რა მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო გასასვლელის, ჰორმუზის სრუტის მართვაში, ომანის სასულთნოსთან ერთად, ახალ გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ინაცვლებს.
ირანის თავდაცვისუნარიანობა საზღვრებიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში ადასტურებს, რომ ის არ არის სახელმწიფო, რომლის გლობალური წონასწორობიდან გამორიცხვა შესაძლებელია.
ამჯერად საქართველოში ჩემი მისიის პირველი ეტაპი ამ 90 დღის გამოცდილებით დასრულდა.
ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.
ეტიკეტი მოითხოვს, ამ 90 დღიანი ციკლის დასასრულს მადლობა გადავუხადო ყველა ოფიციალურ პირს, ეკონომიკური და სოციალური სფეროს აქტორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და
ადამიანებს, ვინც ქუჩებში, ბაზრებში გავიცანი, და ასევე უცხოელ დიპლომატებს თბილისში თავიანთი გამოცდილების გულუხვად გაზიარებისათვის’- წერს ირანის ელჩი საქართველოში  სეიედ ალი მოუჯანი
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური ჩართულობით წარიმართა, მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ხოლო საქართველოს ბანკის მხრიდან - მასობრივი და საოპერაციო პოზიციების მიმართულებით შერჩევის სამსახურის უფროსი ეთო ქობალია და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურიშვილი.სტუდენტებს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარუდგინა და ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების შესახებ საუნივერსიტეტო ინიციატივებზე ესაუბრა; ასევე, გააცნო საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ნატო ქათამაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისა და სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობასა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რაც ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება.„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტებს მივცეთ საშუალება მარტივად მოახერხონ მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიება, რაშიც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კავალიფიციურ დამსაქმებელთან შეხვედრის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდებს განვუვითაროთ ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა საბანკო ინდუსტრიაში - მათთან არაერთი წელია პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმიც ამყარებს. ერთობლივი ძალებით მრავალ აქტივობას ვახორციელებთ და ყველა მათგანი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის მიზანიც და მისიაც. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამჟამადაც ცდილობს ჩვენს სტუდენტებს ხელსაყრელი სამუშაო პირობებით აქტიური ვაკასიები შესთავაზოს" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საქართველოს ბანკში არსებული აქტიური ვაკასიები გააცნეს, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამებსა და იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ბანკი დაინტერესებულ პირებს ჰპირდება, გაუზიარეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული განვითარების გზების შესახებ, რასაც საქართველოს ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და მათ პროფესიული შესაძლებლობების ზრდის შესახებ პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პიტ ჰეგსეტი – ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია

ირანთან ცეცხლის შეწყვეტა ვაშინგტონის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვების შედეგია, ცეცხლის შეწყვეტას გვევედრებოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.მისი თქმით, ირანი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-სა და თავისუფალი სამყაროსთვის, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.აშშ-ის ომის მდივანმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილი მშვიდობისა და რეალური შეთანხმების შანსს იძლევა.„ირანი 47 წლის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავისუფალი მსოფლიოსთვის. ლოზუნგები „სიკვდილი ამერიკას“, ჩვენი ხალხის მიზანში ამოღება, ამერიკელების მკვლელობა, ტყუილი და შანტაჟი ბირთვული იარაღის მისაღწევად. ეს აღარ მოხდება. ჩვენი მმართველობის დროს არა. სხვა პრეზიდენტები დროს კარგავდნენ და პრობლემას მომავალისთვის დებდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს არ გამოუჩენია ისეთი სიმამაცე და მტკიცე ნება, როგორიც ამ მთავარსარდალმა გამოიჩინა. პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ეს მომენტი. ირანი თავად გვევედრებოდა ამ ზავს და ეს ყველამ ვიცით. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, ეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს ეს სურს. მათ უკვე საკმარისი ნახეს. ოპერაცია იყო ისტორიული და მასშტაბური გამარჯვება ბრძოლის ველზე – სამხედრო გამარჯვება. ნებისმიერი შეფასებით, ოპერაციამ გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიყენეთ, ხოლო ირანმა დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადა. ახალი რეჟიმი არჩევანისა და დროის გარეშე დარჩა, ამიტომ შეთანხმებაზე წავიდა. მათ იციან, ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ მათ არასოდეს, არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. შეთანხმების პირობების მიხედვით, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომელიც არ უნდა ჰქონდეთ, ამოღებული იქნება. პრეზიდენტმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. წერტილი. სხვა პრეზიდენტები ამას ამბობდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი გააკეთა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.ამასთან, ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის ჯარები ადგილზე დარჩებიან და დარწმუნდებიან, რომ ირანი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.„ჯარები ადგილზე დარჩებიან, ფხიზლად იქნებიან, მზად იქნებიან ნებისმიერ მომენტში განაახლონ მოქმედება“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.აშშ-ის ომის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჰქონდა დაგეგმილი ირანში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმა, თუ სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული.„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, რომელიც გულისხმობდა ინფრასტრუქტურას, ხიდებსა და ელექტროსადგურებს. ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.მისივე თქმით, ტრამპის გაფრთხილება იყო ის, რამაც ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან და საბოლოოდ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მიიყვანა.

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის  სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.აღნიშნულ თარიღებში არ იმუშავებენ, საქართველოს მასშტაბით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის   სამმართველოების, გეზი „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელება) და გაფორმების განყოფილებები.ზემოაღნიშნულ თარიღებში, საბაჟო ორგანოს მიერ, იმ  მომსახურების გაწევა, რომლებისთვისაც მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის, 9 აპილიდან 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და  საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, მაღალ პოლიტიკურ თუ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნიშნავს, ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უკრაინას საშუალება თუ მიეცემა, ეცდება, ეს პირები ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს.„ეს ერთგვარი საერთაშორისო ქსელის ქმედებების ნაწილია –  ინახავენ პოლიტიკოსებს, რომელთა უგუნურმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებო გამოიწვია, ინახავენ. ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში  გარეული ცხოველის მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი.„მიმდინარე წლის 6 აპრილს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები –  ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები