ორშაბათი, მარტი 31, 2025

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე – დონალდ ტრამპი

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თეირანმა დონალდ ტრამპის წერილს ასევე წერილობითი ფორმით უპასუხა და ომანის შუამავლობით ვაშინგტონს გაუგზავნა.

ირანმა ტრამპისგან წერილი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიიღო, სადაც ვაშინგტონი თეირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ორი თვის ვადაში არ მიიღწევა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებული აშშ-თან პირდაპირი დიალოგით, თუმცა მზადყოფნას აცხადებენ, გამართლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით.

„ირანი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ჩემს სიაში, რომელზეც ყურადღებაა საჭირო. მე მათ ახლახან გავუგზავნე წერილი და ვუთხარი: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, ან უნდა ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ეს თემა, ან ძალიან ცუდი რამ დაემართება ირანს. არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემი დიდი უპირატესობა – და ამას არ ვამბობ სიძლიერის ან სისუსტის გამო – ის არის, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ ირანთან, მაგრამ ჩვენ თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ცუდი რამ მოხდება ირანისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან ხაბეიშვილი – მოვუწოდებ პატრიოტებს, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, უნდა დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია, ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტიებმა და ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ იწყებს პროცედურას.ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ძალას დაუპირისპირონ ძალა და თუ საჭირო იქნება, ფიზიკურად დაიცვან ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია.„მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ უკვე ოფიციალურად იწყებს პროცედურას „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე. თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ამასთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი საკითხი. მდინარაძე აპირებს, სავარაუდოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში ჩაატაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, მოვუწოდებ, ფიზიკურად, იქნება ეს ბათუმში თუ სხვა ადგილას, სადაც ამ პროცესს დაიწყებენ, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე, მაგალითად, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც, მათ შორის, მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაუროთ, უნდა შევგროვდეთ ძალიან ბევრი და მინდა, ვთხოვო ყველას, რომ ნიჰილიზმი, უიმედობა, ხელების ჩამოშვება, მაინც არაფერი გამოვა – არის რუსული პროპაგანდის ზეიმი. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ მისცემს შესაძლებლობას ე.წ. ძალოვან უწყებებს, რომ ადამიანები მოიპარონ აქციიდან, შემდეგ გაიტაცონ და აწამონ. ვიდრე აქამდე არ მივალთ და არ გვეცოდინება, რომ ძალას დავუპირისპირებთ ძალას, მუდმივად ვიქნებით თავდაცვის პირობებში. უნდა გვესმოდეს, ძალას დავამარცხებთ ძალით. ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიდრე ძალას, მარბიელებს და მწამებლებს პასუხს არ გავცემთ, ვიდრე ზუსტად იმავე მეთოდებით არ ვიმოქმედებთ, როგორც მოქმედებს რუსი ივანიშვილი, მანამდე ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების თაობაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც არ იღებს ხმას, იგივე გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან დავითაშვილი – მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგნოზით, 2025 წელი, შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საკმაოდ მაღალი, 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს წელიც საკმაოდ დინამიკურად წარიმართება.„ჩვენ ეკონომიკური ზრდა 6%-ზე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე წლის ორ თვეში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ, შესაძლოა, ეს წელი დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით დავამთავროთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ამავე დროს ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურიც იყოს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.საქსტატის მონაცემებით, იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვის ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა აქტივობის ზრდამ არაერთ სექტორში. ამასთან, თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 5,954 შეადგინა.„წელს, პირველ თვეში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თებერვალშიც საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად საბაზისო  მაჩვენებლისა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წელი საკმაოდ დინამიკური უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს, 2025 წელს უნდა მოხდეს ძალიან ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილების რეალიზებაც. ასევე, წელს გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც მიმდინარეობს და თავის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს – „მე ვარ მარინი“

ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნობას ეხმაურება და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს.„მე ვარ მარინი“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „იქსში“ საკუთარ გვერდზე.შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოცხადება უკავშირდება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 2015 წელს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რა დროსაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია, რომლის მონაწილეებიც ჟურნალის რედაქციას სოლიდარობს უცხადებდნენ შემდეგი გზავნილით „მე ვარ შარლი“ (Je suis Charlie).ცნობისთვის, მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

არ შეიძლება, პარტიად იწოდებოდეს გაერთიანება, რომელიც თავის ქვეყანას ინტენსიურად უტევს, რათა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდეს – გია ვოლსკი

არ შეიძლება, პარტიად იწოდებოდეს გაერთიანება, რომელიც თავის ქვეყანას ინტენსიურად უტევს, რათა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „ისინი წლების განმავლობაში ერთი და იმავე სცენარით და დაფინანსების წყაროთი მოქმედებენ, რასაც უკვე აღარც მალავენ“.„რასაკვირველია, ეს არანაირ პოლიტიკურ ბრძოლას არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, დემოკრატიის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამავე დროს, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს ქმედებები სწორედაც სცდება პოლიტიკური დისკუსიის, დაპირისპირების ჩარჩოებს და გაცილებით მწვავე ფორმატში გადადის, რომელსაც ნამდვილად არ ჰქვია პოლიტიკური კონკურენცია.ეს გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი დაეცეს, რათა საბოტაჟის პროცესები განვითარდეს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს და დაპირისპირება, სისხლისღვრა მოსდევდეს. ეს აქვთ გამოცხადებული თავიანთ პროგრამაში. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური პარტია არ არის. ამასთან დაკავშირებით თავისთავად მაღალპროფესიონალური შეფასებები უნდა იყოს და საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ის ადგილია, სადაც ეს საკითხი უნდა შეფასდეს. რასაკვირველია, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, არ შეიძლება, რომ ადამიანები სხვა სახელით და იმავე დღის წესრიგით შემოვიდნენ, რათა ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი მიზნები განახორციელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი.ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასანართლომ დამნაშავედ ცნო.მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

ბოლო სიახლეები