ძალიან ბევრი საუბარი მოვისმინე იმაზე, თუ როგორ მიესალმებიან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, მაგრამ მე არ მივესალმები იმას, რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. უმრავლესობის წევრმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა ძალამ, დაიცვან ის და იმუშაონ ყველასთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის სულისკვეთება, რომელზეც საუბრობს შარლ მიშელის დოკუმენტი და საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. დიახ, ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და ამისთვის მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ ითანამშრომლეთ ისე, რომ თქვენც გქონდეთ კონკრეტული წინადადებები. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პასუხისმგებლობა თქვენი წარმოდგენით, სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზეა. ეს ასე არ არის. არ შეიძლება და ვერ მოხდება ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცალ კარში ითამაშოთ. თქვენც გჭირდებათ პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი რეფორმები ერთად უნდა გავატაროთ. ამ თანამონაწილეობაში ვგულისხმობთ იმას, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტილებაში არა ბელეტრისტიკით არამედ რეალურად საქმით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.