დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა.
„მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად! მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის! წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად „ქართული ოცნების“ დიდ გუნდს! მადლობა ქართული ოცნების წევრებს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ! მადლობა საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს! მჯერა, „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს, შექმნის შესაბამის პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის! უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.