სამშაბათი, მაისი 13, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით აღარ გაიცემა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ამ ჯგუფის პრეპარატების არამიზნობრივ მოხმარებას

დღეიდან ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, (ქაღალდზე) აღარ გაიცემა. მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

„ორი თვის წინ მე დავავალე ბატონ მინისტრს, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრების წესს და უამრავ სხვა უბედურებას, რომელიც საბოლოო ჯამში მოქმედებს ჩვენ მომავალ თაობაზე. დღეიდან ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა. მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე მოქმედებს გამკაცრებული წესი; წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ელექტრონული რეცეპტების საშუალებით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი, როგორც მედიკამენტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ასევე რეცეპტის გამომწერი ექიმების გაკონტროლება. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შესაძლოა, მალე დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ-ით სახის 3D გამოსახულება აღადგინონ

ახალ კვლევაში გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ ახალ ტექნიკას დნმ-ის მონაცემებისგან სახის სამგანზომილებიანი გამოსახულების აღდგენა შეუძლია. შესაძლოა, ეს კრიმინალური მეცნიერების განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმაროს.მათ გამოთვლით მოდელს დიფეისი (Difface) ჰქვია. იგი ერთეული დნმ-ის ნუკლეოტიდური განსხვავებებით სახის 3D წერტილოვან ღრუბლებზე მოქმედებს - ანუ მონაცემთა ნაკრებზე, რომელიც სახის გარე ზედაპირს წარმოადგენს.მოდელი ჩინელთა ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის — ჰანის — მონაცემთა ბაზაზე გამოცადეს. ბაზა დნმ-ის განსხვავების 9 674 წყვილსა და 3D სახის გამოსახულებებს შეიცავდა. დიფეისმა დნმ-იდან 3D გამოსახულების აღდგენაში შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ასევე, დამატებითი ინფორმაციის — როგორიცაა სქესი, ასაკი, და სხეულის მასის ინდექსი - დიფეისში ჩართვამ აღდგენილი სახის 3D გამოსახულებების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა."საოცარია, რომ დიფეისს ინდივიდის 3D სახის გამოსახულებების გენერირება მხოლოდ დნმ-ის მონაცემებზე დაყრდნობითაც კი შეუძლია — კერძოდ კი, მათი გარეგნობის სხვადასხვა ასაკში პროეცირება", - აცხადებენ ავტორები.აღნიშნული ტექნიკა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამისდა მიუხედავად, ეს არც ისეთი დიდი ნახტომია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ სახის ფორმას გენეტიკა განსაზღვრავს. იმის განსაზღვრაც შეგვიძლია, თუ რომელი თვისება — მაგალითად, თმის ან თვალის ფერი - რომელი კონკრეტული გენით ან გენების ნაკრებითაა განპირობებული. ამისთვის მეცნიერები სპეციალურ ტექნიკას - დნმ-ის ფენოტიპირებას იყენებენ.გარდა ამისა, ტექნიკა ჯერჯერობით სრულყოფილი არ არის. მაგალითად, გენეტიკურად ერთმანეთის მსგავს ადამიანებში განსხვავებული ნიშან-თვისებების ამოცნობა კვლავ გამოწვევად რჩება."სხვადასხვა პოპულაციებს შორის მოდელის ეფექტიანად განზოგადებისთვის რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. მაგალითად, Difface-ის სისწორის შემოწმება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაცემთა ნაკრებზე. ასევე იმის დადგენა, კონკრეტული სახის მახასიათებლებისთვის საჭიროა თუ არა დამატებითი გენეტიკური ლოკუსები", - ვკითხულობთ სტატიაში.მოდელის დახვეწის გზაზე ყველაზე დიდი სირთულე არა ტექნიკური, არამედ ლეგალური და ეთიკურია — კერძოდ, ინდივიდთა კონფიდენციალურობის დაცვა და არაავტორიზებული მონაცემების გამოყენების თავიდან არიდება.

პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა.საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.„ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ენის ცნობიერების ამაღლების და მაღალ დონეზე სწავლების მიზანმიმართულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს

საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება.საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.„მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, საქართველო სიხარულით მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გამორჩეული შოუს ჩატარება და გვჯერა, რომ ეს იქნება განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს როგორც ახალგაზრდა მონაწილეებს, ისე მაყურებლებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა, მარტინ გრინმა.„ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისში ისევ ვუმასპინძლოთ საბავშვო ევროვიზიას. ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და მიზნად ვისახავთ, შოუ იყოს უფრო მასშტაბური, ვიდრე ოდესმე. მოუთმენლად ველით, მსოფლიოში ცნობილი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა არტისტებს, გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან და გავუზიაროთ ჩვენი მდიდარი კულტურა, მემკვიდრეობა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.ევროვიზიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნათია მშვენიერაძემ განაცხადა: „2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი დაუვიწყარი გამოცდილება იყო. წელს ჩვენი მიზანია კიდევ უფრო სანახაობრივი შოუს გამართვა, რომელსაც მომავალი წლების განმავლობაშიც კვლავ ექნება გამოხმაურება“.2025 წლის საბავშვო ევროვიზიის გამართვის ადგილის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში გამართულ ქართული კულტურის დღეზე გაკეთდა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ შვეიცარიაში საქართველოს ელჩი, შოთა გეწაძე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე და მედია დირექტორი ჟან ფილიპ დე ტენდერი.2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებენ 9-დან 14-წლამდე შემსრულებლები მთელი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ. თითოეული მათგანი წარადგენს ორიგინალურ სიმღერას ახალგაზრდობის, მუსიკისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად. კონკურსის ჩატარების ადგილის, სლოგანის და მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.შეგახსენებთ, რომ მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება უკვე მეორედ მოიპოვა.

გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე – გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება – ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ...

გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით წერს.მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება და ამით მხოლოდ დადებითს მიიღებს ქვეყანაც და ხელისუფლებაც.„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს.გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ – მიმართავს გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას.

CNN: ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, - აღნიშნა წყარომ.წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.

ბოლო სიახლეები