ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უფლებადამცველები გააკეთებენ განცხადებას.
„გამოძიების ამ ეტაპზე, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც ბრალდებული ყოფილა, მე საქმის მასალებსაც არ ვიცნობ. მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცა პასუხი, ახსნა გარკვეული დეტალები. სხვა დეტალებზე ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ კომენტარს.
გააჩნია, რა ნაბიჯი იქნება გადმოდგმული ბრალდების მხრიდან, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატებიც აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, უფრო დეტალურები ვიქნებით. ეს დღეები ისეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა, არ ვიცი, რას ემსახურებოდა, საიდან და რატომ მოდიოდა. ფოტოები, ეს ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან ამოღებული, შესაბამისად, ეს მხოლოდ ხალხის ემოციებზე იყო გათვლილი და არასწორად იყო გათვლილი. არ ვიცი, რას ემსახურებოდა, უფრო სწორად შეიძლება, კარგადაც ვიცით, რასაც ემსახურებოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანარჩენზე კი, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ გააკეთებს განცხადებას და დარწმუნებული ვარ, უფრო დეტალურად უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებსაც. მესმის, რომ დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან ამ საქმესთან, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან გამოძიების მიერ ამოღებული ნივთების შესახებ დასმულ კითხვას, ადვოკატის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლიდან ოქროულობა არ არის ამოღებული.
„განსაკუთრებით ცუდად მოხვდა ყველას თვალში ოქროულობა, ჯაჭვები და ა.შ. თითქოს არ განმარტეს, ეს საიდან და ვისგან იყო ამოღებული და რატომღაც ყველამ ეს ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი და მისი სახლიდან არათუ რაოდენობრივად ამდენი, ერთი ნივთიც კი არ არის ამოღებული“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაცხურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.