ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, არ იცის, სიტუაცია როგორ გაამწვავოს და ახლა გადაწყვიტეს, იქნებ იმ გზების ჩახერგვით, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირითადად დაკავებულია გზების ინტენსიური მშენებლობით, ხოლო ოპოზიცია ცდილობს, რომ ამ გზების ჩახერგვით გამოიჩინოს თავი.
„მთავარი გახლავთ, რომ ეს კანონით არის დასჯადი არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება. საინტერესო სწორედ ის გახლავთ, რომ ოპოზიციის გარკვეული „ლიდერები“ ცდილობენ, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისკენ წაიყვანონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ახალგაზრდები, რათა შემდგომში მათ ერთგვარი სპეკულაციის ახალი საგანი და ახალი სუბიექტები გააჩინონ, რომ ადამიანები დააკავეს და მათ ედავებიან სისხლის სამართლებრივი კუთხით გზის გადაკეტვის გამო, არადა, ბრწყინვალედ იციან, რომ სტრატეგიული ობიექტების ან გზების გადაკეტვა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ, რომ ახალი მსხვერპლი მიიღონ თავიანთი შემდგომი წაგებული თამაშის ერთგვარი სპეკულაციის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.