ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.
„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი – ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

