ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო სხვადასხვა ინსტრუმენტით აქტიურად არის ჩართული ეკოსისტემის მხარდაჭერაში, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.
მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ საგრანტო პროგრამების ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო საგრანტო დაფინანსება. ნადარეიშვილის ინფორმაციით, მათ მიერ გენერირებული ჯამური ეკონომიკური სარგებელი როგორც შემოსავლების, ასევე მოზიდული ინვესტიციის თვალსაზრისით 700 მილიონ ლარზე მეტია.
150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 მონაწილე სტარტაპერი 150 პრეტენდენტიდან შეირჩა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესიდეების შესახებ განაცხადები ელექტრონული პორტალის – www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინეს. შერჩეული სტარტაპერები გადამზადდნენ ბიზნესგეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები ამზადებენ. გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
„ეს პროგრამაც და მთელი რიგი სხვა ღონისძიებებიც, სახელმწიფოს ჩართულობით განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველო ნამდვილად ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, მაგალითად, წლის ბოლოსთვის საქართველოში შემოვა ოთხი ახალი საერთაშორისო, უმაღლესი კატეგორიის აქსელერატორი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ეკოსისტემის, ქართული სტარტაპების კიდევ უფრო მეტ დაახლოებას გლობალურ ბაზრებთან და ხელმისაწვდომობას საერთაშორისო ინვესტიციებზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.