სამშაბათი, აპრილი 29, 2025

ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

29 აპრილს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. სესიის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელმა დელეგატებს სიტყვით მიმართა.

„ორგანიზებული დანაშაული ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ურყევად აგრძელებს თავისი ვალდებულების შესრულებას, გამოიყენოს ყველა საჭირო რესურსი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნის მისაღწევად, შინაგან საქმეთა სამინისტრო განუწყვეტლივ მუშაობს ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება უზრუნველყოფს დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებას.

ორგანიზებული დანაშაული გლობალური პრობლემაა, რომელიც გლობალურ რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი სხდომა კარგი შესაძლებლობაა აზრთა გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, რათა ერთობლივად შევძლოთ უზრუნველვყოთ უფრო უსაფრთხო და სამართლიანი რეგიონი ყველასთვის“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სხდომაზე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები, რომლებიც ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში, ბაქოში ასამბლეის პლენარულ სესიაზე იქნება მიღებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გორში მოკლულ მამა-შვილთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი ზერეკიძე ჟორჟოლიანზე: კარგია არა ? “ოცნების” აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში...

ზერეკიძის თქმით, კარგია, როცა იცი, რომ "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ,  კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით და იმაზე ფიქრით, ციხეში თუ გადარჩები."ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა? კარგია "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ იცი რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა? თან რამდენად უსინდისოები არიან, ხმამაღლა რომ ამბობენ ამას, აბა მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად," - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

გია ვოლსკი – სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკიმ სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი შეაჯამა.„საგანგებო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ან რეგიონის ქვეყნების ინტერესი, მსოფლიოს ინტერესია. რასაკვირველია, ეს ვიზიტიც დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში. ზოგადად, რთული სიტუაციაა, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა დავუპირისპიროთ პოზიტივი, რაზედაც დღეს გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია მთავრობებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურის მიმართულება, ნებისმიერი მიმართულება, მაგრამ მთავარი მაინც არის უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში. ეს ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ყაველაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად...

ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში, - განაცხადა ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად ელოდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშიცაა.„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელია ადვოკატთან ერთად უკვე მივიდა.პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბოლო სიახლეები