ევროპული საუკეთესო მრავალწლიანი გამოცდილება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ეფექტიანობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ რომ TWINNING-ის პროექტის განხორციელების პროცესში მივიღებთ კარგ გამოცდილებას ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ნიდერლანდების პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან.- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების 2 წლიანი პროექტის (TWINNING-ის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობა და კომპეტენცია საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. ასევე კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება მათ, შორის საქართველოს პარლამენტში საბიუჯეტო პროცესის წარმართვა და ხელმძღვანელობა; ასევე, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფა; საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა TWINNING-ის პროექტის მიზანია – გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა საჯარო ფინანსებზე.
„თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების, ანუ გადასახადის გადამხდელთა ფულის, ანუ საზოგადოების ფულის ეფექტიანი მართვა, გამჭვირვალობა და საპარლამენტო ზედამხედველობა, ალბათ ამას განმარტება არ სჭირდება“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
,,ევროკავშირს მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების 2 წლიანი (TWINNING-ის) პროექტის“ ბენეფიციარები არიან – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.