ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან პატიმრების სიკვდილიანობა 10-ჯერ არის შემცირებული

პატიმრების რაოდენობა არის 2.5-ჯერ შემცირებული და ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამისთვის ჩვენ მივიღეთ ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა გადაიდგმება დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს პატიმრების რაოდენობის კუთხით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად.

„ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს პატიმრების რაოდენობის თვალსაზრისით, არის უკვე რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც გვქონდა 2012 წლამდე. რაც შეეხება პატიმრების სიკვდილიანობას, აქ 10-ჯერ არის შემცირებული სტატისტიკა, რაც ნიშნავს, რომ ციხეები გათავისუფლდა რეპრესიული სულისკვეთებისგან და დღეს, რეალურად, პატიმრების მიმართ დამოკიდებულება არის თვისებრივად განსხვავებული, ჰუმანური, რაც არაერთხელ დაადასტურეს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთაც მოუწიათ თავად გასცნობოდნენ სასჯელაღსრულების სისტემას. ყველა მიმართულებით ვითარება რადიკალურად არის განსხვავებული. 10-ჯერ მეტი იუსტიციის სახლი გაიხსნა ამ 12 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი არის საერთო დამოკიდებულების გამოხატულება, რომელიც აქვს ხელისუფლებას ადამიანის მიმართ, საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ. ყველას გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა, ვინც ემსახურებით ამ ქვეყანას და მის ინტერესებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სისტემას ძალიან დიდი წარმატებით. მინდა, მას მივულოცო დღევანდელი დღე, იუსტიციის სახლის გახსნა და კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურის გახსნა. დღეიდან, თერჯოლელები არაჩვეულებრივ გარემოში მიიღებენ სახელმწიფო მომსახურებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ჩვენს მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა, ჩემი პასუხი მარტივია, შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები, ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ...

ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები, – ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპასუხოდ, რომელმაც მის მხარდაჭერებს ნაგავი უწოდა. „ჯო ბაიდენმა ბოლოს და ბოლოს თქვა, რასაც ის და კამალა ფიქრობენ ჩვენს მხარდამჭერებზე. ბაიდენმა მათ ნაგავი უწოდა. ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ, უდავოდ, ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები. ჩემი პასუხი ჯოსა და კამალას მიმართ ძალიან მარტივია: შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები. უბრალოდ ვერ შეძლებ და ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი კონკურენტი და დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.

გარდაიცვალა პატარა ნუცა, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა-ნუცა გაგნიძე, ანსამბლ „ძირიანის“ გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილი იყო

გარდაიცვალა 5 წლის ნუცა გაგნიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ნუცა, უფალს ებარებოდე პატარა ანგელოზო. ყველა სიტყვა უძლურია ახლა… განისვენე მშვიდად… ვუსამძიმრებ ონს, ოჯახის წევრებს და ყველა გულშემატკივარს“, - წერენ სოციალურ ქსელში. 5 წლის ნუცა გაგნიძე, ანსამბლ „ძირიანის“ გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილი იყო.

VIDEO: „სალომე ზურაბიშვილი, არ სცემს პატივს კონსტიტუციას, კანონებს, მან იძულებული გახადა პარლამენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა…“ – ხათუნა ხოფერია

„სალომე ზურაბიშვილი, არ სცემს პატივს კონსტიტუციას, კანონებს, მან იძულებული გახადა პარლამენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა მისი ასეთი კონსტიტუციისადმი დამოკიდებულების გამო...“ - ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ის ათავისუფლებს ადამიანებს ისე, რომ არავის უდასტურებს რა მოხდა და რა დაედო ბრალად მკვლელების გათავისუფლებას და ა.შ. ახლა  დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ქალბატონი სალომე თავის სტატუსს, პრეზიდენტის სტატუსს და პრეზიდენტის სიტყვასაც არ სცემს პატივს“ - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.  

ფრანგი ევროპარლამენტარი – ზურაბიშვილი არჩევნების მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა, ახლა, როცა პროკურატურა მტკიცებულებებს ითხოვს, არ იცის, რა თქვას, შეგიძლია, იყო პრეზიდენტი, ამავდროულად, სასაცილო

ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „საქართველოში არჩევნების საღამოს ის მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა. ახლა კი არ იცის, რა თქვას, როდესაც პროკურატურა მისი ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვს. შენ შეგიძლია, იყო პრეზიდენტი და ამავდროულად, იყო სასაცილო“, – წერს ევროპარლამენტარი. საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან. საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა პრემია და ყოველთვიური სტიპენდია გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა ყოველთვიური სტიპენდიით დააჯილდოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამად აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: გეგა ჯერენაშვილი - სამშენებლო ფაკულტეტიდან, უჩა მჭედლიშვილი - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და შოთა იველაშვილი - აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ფონდის პრემია კი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2024/2025 სასწავლო წელს უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს, ნატალი კუპრეიშვილს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. მათი ცნობით, სტიპენდიატ და პრემიის მფლობელ სტუდენტებს ჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა გოგა ჩანადირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე გადასცეს, რომელსაც სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სტუდენტები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელის განცხადებით, სტუ-ს სამივე სტიპენდიატი საგანმანათლებლო ფონდისგან, შემოდგომის სემესტრში, ყოველთვიურად, 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ხოლო პრემიის მფლობელ სტუდენტს ფონდი ერთჯერად ჯილდოს - 1500 ლარს გადასცემს. უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა სტუ-ს ვიცე-რექტორმა. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ფონდიდან სტიპენდიისა და პრემიის მიღება მოტივაციას უზრდის არა მხოლოდ ჯილდოს მფლობელ ახალგაზრდებს, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებსაც. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სტიპენდიების მოპოვება ძლიერი სტიმულის მიმცემია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისთვისაც. სასიხარულოა, რომ სტუდენტების შრომა ამდენად ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ, სახელმწიფოს გარდა, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც გადასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას. სწავლის წახალისება და მოპოვებული ჯილდოები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სწავლაზე ორიენტირებული ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. ღრმად ვართ დარწმუნებული, მათ მიმბაძველებიც გამოუჩნდებიან. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს! ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მსგავსი წარმატება უტყუარი წინაპირობაა იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, როგორც მაღალპროფესიონალებმა, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში და უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ“, - განაცხადა თამარ წერეთელმა. როგორც ფონდის ერთ-ერთმა სტიპენდიატმა, სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრმა უჩა მჭედლიშვილმა დაჯილდოების ღონისძიებაზე აღნიშნა, სასიხარულოა, როცა სტუდენტის შრომა ფასდება და მას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კერძო საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას უნიშნავს. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ მოპოვებული სტიპენდიით, არამედ უნივერსიტეტში სწავლის, ახლის შემეცნების პროცესითაც შეძლოს სიამოვნების მიღება და ამასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ცოდნის მაძიებლად. მათივე ინფორმაციით, ჯილდოების გადაცემის შემდეგ, გოგა ჩანადირი სტუდენტებს საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

ბოლო სიახლეები