ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026

ირაკლი კობახიძე – „ხალხის ძალას“ და ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს, რა დოზით ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, არსებითი განსხვავება არ არის

ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის განსხვავება არ არის.

„რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა კოსი – არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით

არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს. ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მარტა კოსს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.მარტა კოსის თქმით, განაგრძობენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.„ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია, მთავრობასთან მიმართებით გავაკეთოთ, არის ის, რომ მოვუწოდოთ, შეაჩერონ ეს აბსურდი და ევროპულ მომავალზე მუშაობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ასევე შევხვდით რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“, – განაცხადა მარტა კოსმა.ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში ქარიშხალ „კრისტინის“ შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ტერიტორიები დააზიანა.როგორც „ბიბისი“ იუწყება, დახურულია სკოლები, დაზიანებულია შენობები და მნიშვნელოვნად შეფერხებულია მოძრაობა.850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩე. როგორც მედია წერს, პორტუგალიის შემდეგ, ქარიშხალმა „კრისტინმა“ ესპანეთისკენ გადაინაცვლა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.„კომუნიკაციების კომისიამდე, იგი ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

ფინანსთა სამინისტრო – საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება

საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე – კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.მათივე ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო ოთხ წელიწადში.ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.„გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ – 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საქართველო უფრო აქტიური იქნება მომავალში არა მხოლოდ ევროობლიგაციების, არამედ სხვა ბაზრებზეც“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.ინვესტორებთან შეხვედრების დროს მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.„მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ბოლო სიახლეები