სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები.
„არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება – სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.