ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტში ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, შესაბამისად, პროფესორების კვალიფიკაციაც თანაბარი უნდა იყოს ყველგან.
„დღეს სხვა ვითარება გვაქვს. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო უნივერსიტეტები, მაგრამ ერთ უნივერსიტეტში პროფესორების კვალიფიკაცია არის გარკვეული დონის, მეორეში არის ამაზე დაბალი, მესამეში ამაზე დაბალი და მეოთხეში ამაზე დაბალი, თბილისშიც კი, რეალურად ასეა. ამ დროს სახელმწიფო არის პასუხისმგებელი მის მიერ გაცემული დიპლომის ხარისხზე. ხარისხში იგულისხმება, რომ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორმა უნდა გასწავლოს, სხვანაირად მაღალი ხარისხის განათლებას ვერ მიიღებ. სახელმძღვანელოები უნდა გქონდეს, სასწავლო პროგრამას უნდა ჰქონდეს თავისი სტანდარტი და ა.შ. არაფერი არ არის დღეს უზრუნველყოფილი, მათ შორის რეგიონული კუთხითაც.
რეგიონებში არის ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალი ხარისხის განათლება უზრუნველყოფილი, ვიდრე დავუშვათ დედაქალაქში მოქმედ რომელიმე უნივერსიტეტში კონკრეტულ ფაკულტეტზე. ამ დროს სტანდარტი რა არის, მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ. გერმანიაში არის უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ ქალაქში არის სტანდარტულად ერთი უნივერსიტეტი, გამონაკლისია ბერლინი. ისტორიიდან გამომდინარე, ორი უნივერსიტეტია, სხვა ყველგან არის ერთი უნივერსიტეტი. გარკვეული მეტ-ნაკლებობა ყველგან არის, მაგრამ ყველა უნივერსიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 უნივერსიტეტი მაინც არის, ყველგან არის უზრუნველყოფილი თანაბარი ხარისხის განათლება. რაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, იმას აკეთებს. გინდა, მიუნხენში ისწავლე და გინდა ლიუბეკში, მნიშვნელობა არ აქვს, ხარისხი არის მეტ-ნაკლებად ერთი. ეს უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.
ასმაგი სხვაობა შეიძლება იყოს ხარისხებს შორის დღევანდელი მოცემულობით სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, ზოგან ორმაგი, ზოგან სამმაგი და ა.შ. უნდა მოხდეს ხარისხის გათანაბრება, კვალიფიკაციაც პროფესორების უნდა იყოს თანაბარი, პროგრამები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის, სახელმძღვანელოები და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.