ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ მივყვებით ამ არჩევანს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2019 წელს, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის ჩავარდნა გაიხსენა და აღნიშნა, რომ საუბრები ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე მაშინაც ისმოდა.
„არავითარი კურსიდან გადახვევა 2019 წლის ნოემბერში არ მომხდარა. 3,5 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველა ხედავს, რომ ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი. არავითარი კავშირი ამ კანონს არ აქვს ჩვენს ევროპულ მომავალთან და ამას ყველა დაინახავს. დღეს მივიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენელს დავუჭირეთ მხარი და ამაშიც კი არ ჩაერთო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ისინი არიან ფარისევლები. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა შეჩერდეს კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.