ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს, ამის სანაცვლოდ ვხედავ ხოლმე უხეშ, ზოგად განცხადებებს, ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე, როცა ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებაზე, ქმედებაზე, ყოველთვის ჩვენს განცხადებებს ვაფუძნებთ ფაქტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს არის ჯანსაღი მიდგომა.
„ეს არის ევროპული მიდგომა, რასაც ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით. ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვალავ ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშირად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთის მიმართულებიდან. იმედია, ეს შეიცვლება. ეს სჭირდება პირველ რიგში ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მიზანი არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმედია, გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.