ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო.
„პირველ რიგში, აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რამე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
თავის დროზე ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში. კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.