ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტია პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და „ქართულმა ოცნებამ“ ეს პასუხისმგებლობა სრულად და ბოლომდე შეასრულა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იგივე ეხება თბილისსაც პარტიული შედეგის ნაწილში, ხოლო კახა კალაძემ აიღო 215 000-მდე ხმა, რაც, რეალურად, იმეორებს წინა ორ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობას.
„ჩვენ რაც გვქონდა დასამობილიზებელი ჩვენი საარჩევნო ხმები, იმის მობილიზება შევძელით. ჩვენი ამომრჩეველი გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და იმავე რაოდენობით დაგვიჭირა მხარი, როგორც ეს გააკეთა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში განმეორდა წინა ორი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენ რაზეც ვიყავით პასუხისმგებლები, ისე, რეალურად, შევძელით. ოპოზიცია რას გვაბრალებს, როდესაც დაბალ აქტივობაზე საუბრობს, თვითონ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს. როგორ შეიძლება ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.