პარასკევი, ივნისი 27, 2025

ირაკლი კობახიძე – შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა

შემდეგი ორი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მლნ ლარის გამოყოფა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს სერიოზული ინვესტიციაა, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ უნდა მოგვცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში 150 მლნ ლარის ეკონომია. აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც იქნება გამოყოფილი “, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, "რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა".„მე რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიარეთ ბევრი ეტაპი. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვდგავართ გარეთ და ვართ ძლიერები, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებიან და არიან ციხეში, გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები.ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით - ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”. მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა, ამიტომ, მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს ან ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ!” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მიხეილ სააკაშვილი – გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას“, არ მგონია, თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს

სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, „ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს“.„ახლა ვიღაცები მახსენებენ, მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდაო, რომ მე, როგორც პატიმარს ვიდეოჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი „განაჩენები“ ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის, არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია. ბ.-ნი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას“. არ მგონია, თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს, მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით, მივიჩნევ, რომ ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს! საერთოდ, სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება. ისიც ფაქტია, თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა რომ გაუვიდა, ამან ხელი გაუხსნა დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ უნდა ეძალადათ სახელმწიფოზე, ჩვენ არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან

გარედან მუდმივი რყევის ფონზე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც. რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან.„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გარედან მუდმივი რყევის ფონზე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც. რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ ვხედავდით მცდელობებს, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, გარე ფარული დაფინანსებით ცდილობდნენ, შეერყიათ ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ ლგბტ პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდათ და ეს ყველაფერი იქნებოდა შესაძლებელი.თქვენ გახსოვთ ასევე, მაგალითად, პირდაპირ უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. არაერთი ჩარევა, მაგრამ მინდა, გაგახსენოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების ყველა პრინციპი.ამის შემდეგ თქვენ ისიც გახსოვთ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად ცნო ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება, ასე მოეპყრას ქართულ სახელმწიფოს. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და ასე უდიერად ეპყრობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონკრეტულად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო, გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. მე მახსოვს, სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის დიპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან. მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად, ხშირად ჩვენი გვერდის ავლით წერდნენ კანონებს და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო დასუსტებულია და შეიძლებოდა, ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს.ასევე, მე მახსოვს, როგორ გვკარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო, მაგალითად, შს მინისტრად და ვინ – არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა, შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელისთვის, ხელი გაერტყათ პოლიციელისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა. ჩათვალეს, რომ ვიღაცას, შეიძლებოდა, არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი, არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავს მოხვეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ ჩვენს სახელმწიფოს.ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ როდესაც ასაშენებელი იყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები, შეიძლება, გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს, რომ საკმარისად ძლიერი არ იყო სახელმწიფო. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა – უცხოელებმა, ქართველებმა – მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და სახელმწიფოს, შეიძლებოდა, დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

PACE-ს მომხსენებლები – საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ავრცელებენ.„ვუერთდებით ასამბლეაში გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად ეს დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. ისინი არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას“, - განაცხადეს მომხსენებლებმა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში „ფაქტების დამდგენელი ვიზიტის“ განხორციელებას გეგმავენ, რაც მათი ძალისხმევის ნაწილი იქნება „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად“ და „ქვეყანაში ყველა აქტორთან ღია დიალოგში ჩასართავად“, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებების სრული პატივისცემა.

მიქაელ აჯაპაჰიანი აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობას სურს შოუს მოწყობა და ეკლესიის საჯაროდ დამცირება

ამჟამინდელი მთავრობა ბოროტი მთავრობაა, რომლისგანაც არ შეიძლება იყოს სიკეთის მოლოდინი, ეს ხალხი უარესობისკენ არის მიდრეკილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შირაკის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაპაჰიანმა განაცხადა.სომხეთის ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის მთავრობის ამოცანა ეკლესიის საჯაროდ დამცირებაა.„მე პატრიოტი ვარ. ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იმ ცელქი ლეკვებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას და სახელმწიფოს ემსახურებოდა. მთელი ცხოვრება მხოლოდ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ ვმუშაობდი. იმდენი წლის ვარ, რომ სიბერით უნდა დავტკბე, მაგრამ ეს არარაობები ქვეყნისთვის „საფრთხეს“ მიწოდებენ. მე წარმოვადგენ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის? საფრთხე მთავრობაშია! ვთქვი, რომ ისინი ბოროტება არიან და უსაფრთხოების სამსახურს ეს ბოროტება უნდა აღმოეფხვრა. თუ არ შეასრულეს, მაშინ ნუ შეასრულებენ, მაგრამ ქვეყანა განადგურებისკენ მიექანება და ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ახლა მათ სურთ თქვან, რომ თითქოს მე მოქალაქეების უკან ვიმალები, ამიტომ გუშინ მოსულიყვნენ და წავეყვანე, როდესაც ირგვლივ არავინ იყო. მაგრამ არა, მათი მიზანი სხვა იყო – შოუს მოწყობა და ეკლესიის საჯაროდ დამცირება“, – განაცხადა მიქაელ აჯაპაჰიანმა.შეგახსენებთ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საკათედრო ტაძართან ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილზე მივიდნენ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის დაკავებას შეეცადნენ. ადგილზე მცირე დაპირსპირება მოხდა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის. მიქაელ აჯაპაჰიანს ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდება.

ბოლო სიახლეები