თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი, ზუსტად ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული.
„ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა ამ მოცემულობას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის კლასიკური ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს და ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არ შეიძლება, ასეთმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც არის, რომ არავითარი თავისუფლება, თავისუფლების მტრებს – ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან.
„ნონსენსია, შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას. იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ძირშივე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, ამიტომ ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი და ზუსტად ამას ეფუძნება ის სარჩელი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.
„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს. აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

