თავისთავად მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. ეს არის ის საკითხი, რითიც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და, ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ვის უნდა საქართველოში არეულობის შემოტანა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.
„რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, მათ შორის დაანონსებულ ე.წ. დამხობასთან და ა.შ., თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად, ჩვენი რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით დღეს სუს-მა ახალ დეტალებზე გააკეთა განცხადება. კერძოდ, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.