ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

ირაკლი კობახიძე – საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.

„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად, ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს

გუშინ შევიტყვეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მიწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, „ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“.„ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს – „გავიხსენოთ მაიდანი“, „დავამზადეთ ფარები“, „მოვაწყოთ ბარიკადები“, „გავჭიმოთ მავთულხლართები“,„დავყაროთ ლურსმნები“, „შეიძინეთ პიროტექნიკა“. წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს. ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა. ჩვენც ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლ ფაშინიანი – ქიშპს მოაქვს მხოლოდ ზარალი, აზერბაიჯან-საქართველოს შორის დავინახეთ მეგობრული ურთიერთობა და გადავიტანეთ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში, ვაღიარეთ ეს პოზიტიური ინტერესი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობა გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად. ვცდილობ, ყველა გამოსვლაში ხაზი გავუსვა, რომ ინსტიტუციურ დონემდე უნდა დავიდეს ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, სატრანსპორტო კავშირებს ქვეყნებისთვის საერთო სარგებელი მოაქვს.„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს, ჩვენს კოლეგებს მათი გამოსვლებისთვის, სწორი აქცენტების გაკეთებისა და პოზიტიური დათქმებისთვის.აქვე, ამ დარბაზში გაჟღერდა ერთი წლის წინ, რომ გეგმები გვქონდა, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ მადლობას გადავუხდიდით ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყოველთვის ვუხდით მადლობას, აქ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს, მაგრამ სომხეთი-აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი-სომხეთის პრემიერ-მინისტრებს რომ მადლობებს ვუხდიდეთ, ეს წარმოუდგენელი იყო ერთი წლის წინ.  ახლა უკვე რეალობაა. ეს აჩვენებს, რომ აღნიშნული ფორუმი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. მინდა, დავაფიქსირო, რომ ეს უკვე ითქვა ბატონი ალიევის მიერ – ძალიან მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობა გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად. ვცდილობ, ყველა გამოსვლაში ხაზი გავუსვა, რომ ინსტიტუციურ დონემდე უნდა დავიდეს ეს გადაწყვეტილება.  როგორც ვახსენე, სატრანსპორტო კავშირები მიგვიყვანს საერთო სარგებლამდე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ამას მივყავართ საერთო ურთიერთდამოკიდებულებამდე. ურთიერთზე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი და ნდობაზე დაფუძნებული. პოლიტიკურად შეიძლება, ცუდად ჟღერს, რომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ქვეყნები ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას როცა იწყებენ, გახსნილად და გულღიად, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს – რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა. ამას შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, უფრო დიდი საჯარო ფინანსების მართვა, საზოგადოებების განვითარება. უცებ ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს საერთო ძალისხმევა ყველას ინტერესშია, ყველას აქცენტი უნდა გაკეთდეს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სტაბილურობაზე, ქვეყნების უნარზე, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ თვითონ, ერთმანეთთან მიმართებით. და სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას ჩვენ ნამდვილად ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ და შეთანხმებები იდებოდეს, დეკლარაციებზე ხელმოწერა ხდებოდეს ამ ნდობის საფუძველზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, ახლა, როცა სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა, მნიშვნელოვანია წარსულის გააზრება. სომხეთის პრემიერის განცხადებით, ერთმანეთთან ქიშპს მხოლოდ ზარალი მოაქვს.„კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა გუშინ ბატონ ირაკლი კობახიძესთან, გავუზიარე შეხვედრაზე ეს აზრი, რომ დამყარებული მშვიდობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, რათა გავიაზროთ წარსული.100-ზე მეტი წელი გავაანალიზოთ და შევხედოთ, რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მომავალში. სხვა პრიზმით დავინახოთ მომავალი, ისტორიას შევხედოთ სხვა რაკურსიდან. ეს ურთიერთობები, ჩვენს შორის კავშირები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს. 1918 წელს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი რამდენიმე დღით გახდნენ დამოუკიდებელნი. მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ინტერვალი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა და სამივემ დავკარგეთ დამოუკიდებლობა. 1991 წელს, მეტ-ნაკლებად იგივე პერიოდში, კვლავ მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა.  ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიის გაკვეთილებზე. უნდა გავიაზროთ, რომ 1991 წელს ჩვენ საკმარისი დასკვნები ვერ გავაკეთეთ 1918-1920 წლების საფუძველზე და რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მოვიპოვეთ და დავკარგეთ.  რატომ დავკარგეთ, რატომ აღარ უნდა დავკარგოთ, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის,  რა ფასეულობები გვაქვს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის და ერთმანეთის პატივისცემის მიმართ, ამაზე ვფიქრობთ და ჩვენი წინაპრებიც ფიქრობდნენ, რომ ალბათ ამ ბრძოლაში ერთმანეთს მეტი სარგებელი მივანიჭოთ.ისტორია ცხადყოფს, რომ ერთმანეთს როცა ვექიშპებით, ამას მოაქვს მარტო დანაკარგები და ზარალი. სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის დაკარგვის მეტი, რა უნდა იყოს ცუდი. ჩემი დასკვნა ასეთია ისტორიის გაანალიზებისას, რა არის ეს, მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა ფორმა უნდა მიიღოს ამან, ამაზე არ არის ახლა საუბრის დრო, მაგრამ გააზრების დრო ყოველთვისაა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან. ჩემი მოსაზრება ასეთია – არის უხილავი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ეს მშვიდობა. დავიწყეთ შესაძლებლობების გამოყენება. გამოჩნდა შესაძლებლობა, გამოვიყენეთ. უფრო დიდი ხედვა გვაქვს რეგიონში, უფრო დიდი თვალსაწიერი გაგვიჩნდა. კონფლიქტის, შეუთანხმებლობის და დიდი ხნის განმავლობაში მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ვითარებას რომ შევხედეთ, დავინახეთ ეს მეგობრული ურთიერთობა, დავტკბით და გადავიტანეთ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში. დავინახეთ ეს შესაძლებლობა, ვაღიარეთ ეს ინტერესი, ეს პოზიტიური ინტერესი. ეს ნიშნავს, რომ ისტორია არ გამქრალა. შეუძლებელია, ისტორია გაქრეს, ის უნდა გავიაზროთ და დასკვნები გავაკეთოთ. დღევანდელობა გვასწავლის, რომ ჩვენ უფრო მეტი დავინახეთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა – საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საერთო ინტერესების საფუძველზე უნდა იმოქმედონ სამომავლოდ და არსებობს ალბათობა, რომ ეს საერთო მნიშვნელობის ინტერესები გადამწყვეტი იყოს.დაკავშირებადობა, ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ ამ რაკურსით მინდა დაგანახოთ ეს რეალობა. მიმაჩნია, რომ შევძლებთ, ამ რეგიონულ კონტექსტში პოზიტიური გაგებით კონკურენცია განვავითაროთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამ ენერგიას, ემოციას გამოვიყენებთ იმ ატმოსფეროს შექმნისთვის, რომელიც თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ჩვენ გვესმის, რომ ტვირთბრუნვა, მილსადენები, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი რეგიონის გავლით გადიოდეს და სამივე ქვეყანას შემოსავალს მოუტანს. ამიტომ ჩვენ საერთო პარტნიორობა გვექნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფისკალური შემოსავლები როცა იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები იზრდება, საერთო დღის წესრიგი გვიჩნდება და უარს აღარ ვიტყვით შესაძლებლობებზე. გავაგრძელებთ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ეს არის ძალიან მარტივი საფუძველი საერთო ინტერესებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის წევრები გერმანიის მთავრობას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციას სურს, გაარკვიოს საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან 2020 წლიდან. ამასთან, ფრაქციის წევრებს, სურთ, იცოდნენ, რა მიზნით და რა ამოცანებისთვის ხორციელდებოდა ეს მხარდაჭერა, რა თანხები დაიხარჯა და კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა.პარტიის წევრები ასევე ინტერესდებიან, რომელი არასამთავრობოები იყვნენ დაახლოებული მთავრობასთან და რომელი – ოპოზიციასთან, რა დონეზე მონაწილეობს გერმანიის საელჩო და გერმანიის ელჩი ამ თანამშრომლობაში.„გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) GmbH-ს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პროექტების განხორციელება დაავალა. მაგალითად,  საქართველოში GIZ ძირითადად გერმანიის სამინისტროებისა და ევროკავშირის სახელით მოქმედებს. ამის ფარგლებში ხდება სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა. გერმანულ-ქართული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პროექტი სახელწოდებით „კარგი მმართველობა“ . ჩვენ ვეკითხებით ფედერალურ მთავრობას:1.    საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ამჟამად იღებენ პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას ფედერალური მთავრობისგან GIZ-ის პროექტების ფარგლებში  ან სხვა გზით?2.    საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ 2020-დან 2024 წლამდე პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას ფედერალური მთავრობისგან GIZ-ის პროექტების ფარგლებში ან სხვა გზით?3.    რა მიზნითა და რა ამოცანებით ხდებოდა ან ხდება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა?4.    რა მოცულობით ხდებოდა ან ხდება მხარდაჭერა?5.    ამჟამად რომელი კონკრეტული პროექტები ხორციელდება ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში, კერძოდ, GIZ-ის „კარგი მმართველობის“ პროექტის ფარგლებში?6.    ჩართულია თუ არა გერმანიის საელჩო ან  ელჩი GIZ-ის ან სხვა მსგავსი მხარდაჭერის ფორმატების თანამშრომლობაში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და თუ კი, რა გზით?7.    გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ პირდაპირ ან ირიბად მხარდაჭერილი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები,გერმანიის მთავრობის ცნობით, არიან დაახლოებული საქართველოს ოპოზიციასთან?8.     გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ პირდაპირ ან ირიბად მხარდაჭერილი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები,გერმანიის მთავრობის ცნობით, არიან დაახლოებული საქართველოს მთავრობასთან?9.    2020-დან 2025 წლამდე პერიოდში ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მიიღო ან იღებს თუ არა გარკვეული მედიასაშუალებები რამე სახის დაფინანსებას თუ კი, რა მოცულობით?“ – აღნიშნულია პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო  ფრაქციის მიმართვაში.ცნობისთვის, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურ მთავრობას კითხვებით მიმართა. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც გერმანიის საგაერო უწყებაში განაცხადეს, უნდა განისაზღვროს, როგორ გაგრძელდება მუშაობა.

ღიდა ფაქრი – საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარდინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ, ძალიან მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ქვეყნად ხალხის, ენერგეტიკის, იდეებისა და ამბიციების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,- ამ სიტყვებით გახსნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ღიდა ფაქრიმ.მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩო-სისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე  იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.„შეუძლებელია, არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის,“- განაცხადა ჟურნალისტმა.მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც  რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.„ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს  მსოფლიოში.  ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც  არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება,“- განაცხადა ღიდა ფაქრიმ.აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და 70-ზე მეტი ქვეყნის 2 300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.

ალი ასადოვი – აზერბაიჯანი-საქართველო წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში, რომ ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.„ბატონო ირაკლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ნიკოლ, სომხეთის პრემიერ-მინისტრო და დარბაზში მყოფ დელეგატებსაც მივესალმები და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ტრადიციული მოწვევისთვის, ძალიან გულთბილი მიღებისთვის და ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი საქართველოს დედაქალაქში, ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, ქალაქი იზრდება, ვითარდება და გასულ წელს რომ შევადაროთ, ძალიან შთამბეჭდავია ზრდა და განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი სრულად იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენ დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ თავშეყრის მნიშვნელობას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს.„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის, დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ტრადიციულად ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.

ბოლო სიახლეები