პარასკევი, აპრილი 18, 2025

ირაკლი კობახიძე – საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში, მეზობელი ქვეყნები ამას აფასებენ, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის ირგვლივ

საქართველოსთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყანაა, არამედ არის სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მულტიპოლარულობაზე როდესაც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის. ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის. მათ შორის პატარა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის და ეს ძალიან კომპლექსური, რთული ვითარება გვაძლევს საშუალებას, გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ეს განზომილება გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ პარტნიორებთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით.

„საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელ მსოფლიოსთან. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხედვა.

ამასთან, უვიზო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 50 ქვეყანასთან. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური პარტნიორობაც. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და რეგიონში არსებობს კონფლიქტებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ, სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი.

უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად ქვეყანა საკმაოდ კარგად მიდის წინ. 2021 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებლია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ტაძრებში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება (გალობა), რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე „ვაი, რა კარგი საჩინოს" მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა სხვა ტაძრებშიც.დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – არანაირი ერთობა არ არსებობს, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს დაუფიქრებლად მისცეს ხმა

არანაირი ერთობა არ არსებობს. ერთობის საჭიროება, მგონი, მოგონილია. გასაგებია, რომ განსხვავებული ბელადების პარტიები ვერ გაერთიანდებიან, რადგან ყველას თავის ეგო აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს ხმა ისე მისცეს, რომ არც კი დაფიქრდნენ.„რატომ ატყუებდნენ ის ე.წ. პროდასავლური 4-5-9-25 პარტიები თავის ამომრჩეველს, რატომ ლაპარაკობდნენ რაღაც ძლიერ კოორდინაციებზე და სალომეს ლიდერობაზე, როცა სინამდვილეში ყველას ესმოდა, რომ, კულუარულად, ხან ვის ლანძღავდნენ და ხან ვის, ეს უკვე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა 4-5-9-25 პარტიებს ხმა მისცეს ისე, რომ არც კი დაფიქრდნენ.მგონი, სიტყვა კოორდინაციაც გაუფასურდა, რადგან, როცა უნდათ, რომ არაფერი თქვან, ამბობენ, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და კომუნიკაცია გვაქვს. ეს სიტყვები ისე გაუფასურდა, რომ არაფერს აღარ ნიშნავს. არ მგონია, რომ ასეთი სიტყვებით შედგენილი ფრაზები რამეს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ არ იციან, რა გააკეთონ და ამას ღიად ვერ ამბობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს ყველაფერი რუსთაველის პროტესტზე დგას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა და ეს ვისაც ესმის, „რაღაცნაირ გრაფიკს“ შეადგენს.„გელა მთხოვდა დამეწერა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველზე ყოველსაღამოური პროტესტის შენარჩუნება, კაი ხანია, მე ვიკიდებდი, რადგან, შეიძლება შეცდომით, მაგრამ მაინც მაქვს განცდა, ვისაც ეს არ ესმის ან ესმის, მაგრამ ვერ ახერხებს, დამატებით ახსნასაც დიდი აზრი არ აქვს, რადგან გელა ჩასვეს 12 დღით. გალიდან რუსებს გამოქცეულ ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, „კაპეზეზე“ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბიჭვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ. რუსთაველის პროტესტზე დგას დღეს ყველაფერი – ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში.ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინა ადამიანების წამებამ, დაპატიმრებამ, ცილისწამებამ, უსამართლობამ, ფორმიანი თუ უფორმო „ტიტუშკების“ თარეშმა, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ახალ-ახალი რეპრესიული „კანონები“, რომლებსაც „იღებს“ რეჟიმი, ვერ ტეხს წინააღმდეგობის სულისკვეთებას, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით, რათა საქართველო გახდეს დასავლური სტრუქტურების თანასწორი წევრი, თანმდევი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის დონით, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ 12-წლიანმა რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაყვარა ოკუპანტი, ვერ აგვირია თავგზა და ისევ გვესმის, სადაა სიკეთე და სად – ბოროტება, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ მომავალთან მიმართებაში ასეთ სრულ გაურკვევლობაშიც კი, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ვერავინ ბედავს ღიად ტრ..ის თამაშს და რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ გარედან არ მოდის რეჟიმის აღიარებების კასკადი და ივანიშვილის „შნირებს“ უწევთ აქეთ-იქეთ წოწიალი, ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ სანქციები არათუ არ წყდება, არამედ სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამ პროცესში, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ ზოგადად პროტესტი არ ჩაკვდა, რასაც ძალიან სწრაფი ტემპით მოჰყვება სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განეიტრალება, გაცილებით მეტი ძალადობა და გაცილებით მეტი დაკავებები, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დგას იმ ხალხზე, ვინც საღამოობით დგას რუსთაველზე.არ არის აუცილებელი ყოველდღე იქ ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ. ეს თუ მოახერხა ასობით ადამიანმა, მოახერხებს ათასიც და ათობით ათასიც. დეკემბრის დასაწყისში, დილის 06:00-სკენ რომ იწყებდნენ ხოლმე დარბევას და მსვლელობით გავდიოდით რუსთაველიდან, ათასობით ვყვიროდით – ბოლომდე. ეს „ბოლომდე!“ იყო ყველანაირი დათქმების გარეშე (ასე თუ მოხდება, ისე თუ მოხდება). ჰოდა, ჯერ არ გავსულვართ ბოლოში ბოლომდე“, – წერს ჯაფარიძე.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სააღდგომოდ საქველმოქმედო ღონისძიებები დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველ დღესასწაულზე ატარებს საქველმოქმედო აქციებს და რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე - მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.„გვიახლოვდება სინათლის, იმედისა და განახლების დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო საქველმოქმედო აქციათა ციკლი. პირველი ღონისძიება უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონში გავმართეთ, სადაც სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადავეცით. ქველმოქმედება მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის. უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი კავშირისა და ერთობის გამოხატულება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი დიდი დღესასწაულის დროს, როგორიცაა აღდგომა, რომელიც მორწმუნეებისთვის სინათლის ბნელზე გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ მხრივ, ვცდილობთ სინათლე სხვის ცხოვრებაშიც შევიტანოთ - გავუზიაროთ სიკეთე და სითბო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხარებინა უსინათლო ბავშვები, რომლებიც გვაგრძნობინებენ, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სულიერებას და რაოდენ მშვენიერია მათი გულებით დანახული სამყარო“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის - „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე, წეროვანში, სოციალურად დაუცველ ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტი, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ. ღონისძიებათა ციკლი სააღდგომოდ განახლდა და თვის ბოლომდე გასტანს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ხარისხით, მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებით არ იზომება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და გვეამაყება, რომ წლების განმავლობაში ვზრუნავთ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე. ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ მხარდაჭერას, სითბოსა და მათ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ეს არის გზავნილი, რომ თითოეული ბენეფიციარი იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომ ისინი მარტონი არ არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მენეჯერს, რატი გურგენიძეს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოხალისეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც უშურველი შემოწირულობით, შრომითა და სიყვარულით ამ საქმეს გვერდში დაუდგა. ეს სიკეთეა აღდგომის ჭეშმარიტი არსის გამოხატულებაა“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

ბოლო სიახლეები