პარასკევი, ნოემბერი 15, 2024

ირაკლი კობახიძე – პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც უკვე მიიღო

ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.

„მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ არავითარი რესურსი, მათ შორის ისინი, პირველ რიგში, პარლამენტს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ. იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავიანთი არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება. წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ პარლამენტში თუ არა, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ – ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ-არ შემოვლენ ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მაშინ მათ ჰქონდათ რესურსი, რომ ჩვენ იძულების ქვეშ დავმდგარიყავით, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა არასწორ შეთანხმებაზე. ეს იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა მაშინდელ შეთანხმებას, ერთი იყო სასამართლოზე ოპოზიციის გავლენის დაბრუნება – პირველი, რაც აისახა მაშინდელი აპრილის შეთანხმებაში; მეორე იყო ცესკო-ზე ოპოზიციის კონტროლის უზრუნველყოფა, კონკრეტული მექანიზმები იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული. პარლამენტი, რეალურად, ვერ ირჩევდა ცესკო-ს თავმჯდომარეს, რადგან იყო საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა, შესაბამისად, ოპოზიციონერი მოადგილე ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში ცესკო-ს თავმჯდომარე. გარდა ამისა, კვალიფიციური უმრავლესობის გამო, პარლამენტი ვერ ირჩევდა ცესკო-ს სხვა წევრებს, ამის გამო, ოპოზიციის ხელში გადადიოდა ცესკო-ში უმრავლესობა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში, ანუ ოპოზიციის ხელში რომ ყოფილიყო ცესკო-ს უმრავლესობა და ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა. ის საბოტაჟი, რასაც ცდილობენ პარლამენტში, მოხდებოდა ცესკო-ში და არჩევნებს დაუკავშირდებოდა. არჩევნები საერთოდ ვერ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წააგებდა არჩევნებს. ამის შემდეგაც გაგრძელდა ზეწოლა ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „სასამართლოზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნება იყო პირველი მიზანი; მეორე იყო ცესკო-ზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლის უზრუნველყოფა და მესამე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“.

„მაშინ ჩვენ მოგვიწია 43-პროცენტიან ბარიერზე დათანხმება, რაც იყო სრული ნონსენსი, სრული აბსურდი. თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი, ამაზეც მოგვიწია დათანხმება. ეს სამი საკითხი გულისხმობდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. მაშინ იყო უფრო ძლიერი ოპოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ კონტექსტი იყო შესაბამისი, დღეს საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ, მათ შორის იმის გამო, რომ, როგორც ცნობილია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ისინი ახლა ცდილობენ, შევიდნენ ერთ მდინარეში მეორედ, რაც, უბრალოდ, შეუძლებელი და გამორიცხულია. ამიტომ მათ უკვე გაისროლეს ის ტყვიები, რაც დღეს უნდა გამოეყენებინათ. ოთხი წლის წინ რაც ჰქონდათ არსენალში, ყველა ტყვია გახარჯეს, შესაბამისად, დღევანდელ საბოტაჟს მათი მხრიდან არავითარი ეფექტი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი წარიმართება დადებითად

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება რეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება. „დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური გავლენა ორი მიზეზის გამო – ერთი არის ის, რომ მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება ჩვენ რეგიონში, რის გამოც ჩვენზე წნეხი შემცირდება. ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. სხვადასხვა დროს იყო სირთულეები ურთიერთობებში, მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში, მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, მეორე – ეს არის თავად დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. დანარჩენი ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. განწყობა არის ოპტიმისტური, დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვექნება ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან

ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დანიგანის პოზიციას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მალე იქნება ხელშესახები შედეგები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით. „მე არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში წინა ელჩის პირობებში, გახსოვთ, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2021 წელს, 2022-ში, 2023-ში, რევოლუციის ორი მცდელობა იყო ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ურთიერთობების ის დონე, რომელიც არის დღეს სახეზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს და ამას სჭირდება თვისებრივი, არსებითი გადატვირთვა. ამაზე ვართ ორიენტირებულები, ამიტომ არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან მალე ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით. მე მგონია, რამდენიმე თვეში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება სერიოზული ძვრები ამ ურთიერთობებში. ჩვენ სამ რამეს ვუკავშირებდით ურთიერთობების გადატვირთვას, ეს იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც უკვე დასრულდა და დასრულდა იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჯანსაღ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დასრულდა ამერიკის არჩევნები და ესეც დასრულდა ისე, როგორც ყველაზე მეტად წაადგება ურთიერთობების გადატვირთვას და დარჩა მესამე საკითხი – ეს არის უკრაინაში ომის დასრულება“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გეგმის არარსებობა შედეგია იმის, რომ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ

ოპოზიციის გეგმის არარსებობა სინამდვილეში ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან სუსტი პოზიციები, ვინაიდან არც საბაბი აქვთ არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ და არც ხალხის მხარდაჭერა. „ადრე იყო, ოთხი წლის წინ, დავუშვათ, ადამიანური შეცდომები, ტექნიკური ხარვეზები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ახლა ასეთი რამეებიც კი არ არის, ანუ აბსოლუტურად სუფთაა ყველაფერი და ამ კუთხით აქვთ სუსტი პოზიციები. ასევე, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა დღეს არის კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ. თქვენ იცით, რამხელა სხვაობა იყო ჩვენს შედეგსა და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს იყო 890 000 ხმა, ანუ ჩვენმა პარტიამ აიღო 890 000 ხმით მეტი მეორე პარტიასთან შედარებით, 43%-ით მეტი ავიღეთ. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება საარჩევნო წარმატებას და ქუჩაში წარმატებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერც იქ გექნება წარმატება და ვერც აქ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არც გეგმა აქვთ, ვინაიდან რაღაც უნდა გიმაგრებდეს პოზიციებს, რომ გეგმა დასახო შენი აქტივობისთვის. გეგმას ზუსტად იმიტომ ვერ სახავენ, რომ არავითარი სიმყარე არ აქვთ საკუთარ პოზიციებში. არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი არიან სუსტად წარმოდგენილნი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – NGO-სთვის ე.წ. პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, აღიარებენ, რომ თანხვედრაა „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის, მაგრამ...

NGO-სთვის ე.წ. პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის. თუ „პივიტი“ სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და ოთხი წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული „პივიტი“ და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბება ეღიარებინა. „ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ „პივიტი“, ცდომილება „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ „ენჯეოს“ და მათ დონორებს, რომ „პივიტი“ იყო ცდომილებაში ცესკო-ს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა „პივიტის“ შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ „პივიტის“ აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა – როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არც არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასეთია „ენჯეოების“ მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროკურატურა ცესკო-ში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები. ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანიამ, „სმარტმატიკმა“, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ყველა იმ პირის საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში დაკითხვა, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გამოიკითხნენ ცესკო-ს თანამშრომლები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო წყაროებში გავრცელებული არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები, განხორციელდა დოკუმენტების და ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მათივე ცნობით, პროკურატურა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს. „აქვე გვსურს, მოვუწოდოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები