ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

ირაკლი კობახიძე – ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი პირადად მესაუბრებოდა და მიიღო უარი მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, სრული კონკრეტიკა იყო ომში ჩართვაზე

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის გლობალური ომის პარტია, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცალკევებით და რეალურად, ვსაუბრობდით არსებითად იმაზე, რასაც დღეს „დიფ სთეითს“ უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ძალას, რასაც მმართველი გუნდი გლობალური ომის პარტიას უწოდებდა, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოიხსენიებს „დიფ სთეითის“ სახელით.

„„გლობალური ომის პარტია“ არის ის ძალა, რომელიც „დიფ სთეითს“ მართავს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო აშშ-ში, „დიფ სთეითი“ ასევე არის ჩაბუდებული ევროკავშირის სტრუქტურებში. ჩვენთვის „გლობალური ომის პარტია“ არის ის, რაც „დიფ სთეითს“ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების დასახელებისგან ხელისუფლება შეგნებულად იკავებს თავს, ვინაიდან სიფრთხილეს იჩენს, თუმცა გლობალურ ომის პარტიაში კონკრეტულ ძალებს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს მოიაზრებს.

„ამაზე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა იმისათვის, რომ ზედმეტი უხერხულობები დამატებით არ შევუქმნათ ჩვენს ქვეყანას, თავს ვიკავებთ ამაზე საუბრისგან. მეტიც, ჩვენ თავს ვიკავებთ იმაზე საუბრისგან, თუ რას გვეუბნებოდნენ „დიფ სთეითის“, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა, როგორ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, მეორე და მესამე დღეს რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს მოთხოვნაზე ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე გავიხსენე შეხვედრა ერთ-ერთი ფონდის წარმომადგენელთან, ეს არის ახლა უკვე ტრამპის მიერ დახურული ფონდი, რომელმაც მითხრა, რომ ის ადამიანი, რომელიც მოდიოდა, საუბრობდა არა თავისი სახელით, არამედ ყველას სახელით. ის ადამიანიც მოვიდა, როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი და  გვითხრა ასეთი რამ, რომ ჩვენ უნდა გვემოქმედა ამ ადამიანის მითითებების შესაბამისად. ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის მაღალჩინოსანი, ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე შემხვდა. მეტ კონკრეტიკაში აღარ შევალ, მაგრამ ამ ორიდან  ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე პირადად მესაუბრებოდა და როცა მიიღო უარი ამ მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, სანქციები და ა.შ მაინც მეორადი მოთხოვნები იყო, რადგან პირველ რიგში, საუბარი იყო ომზე,  მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას. ორი შეხვედრა შედგა, რომელიც უკავშირდებოდა ომში ჩართვას, ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, ერთი იყო თებერვლის დასაწყისში, მეორე იყო თებერვლის ბოლო რიცხვებში, ომის დაწყების შემდეგ. პირველი იყო ომის დაწყებამდე, თებერვლის პირველ ნახევარში და მეორე იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. საუბარი იყო, რომ როცა ომი დაიწყება, ველით თქვენგან ქმედებებს. დაკონკრეტებულიც იყო ეს ქმედებები. ჩვენმა საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა, მათ შორის, ერთ-ერთი შეხვედრის კონკრეტული შინაარსი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა –  3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ, უნდა გახვიდეთ ტყეებში და დაიწყოთ პარტიზანული ომი – ამ დონეზე იყო საუბარი. სრული კონკრეტიკა იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით“, –  განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიეგო მარადონას საქმეზე პოლიციელები დაკითხეს – მათ გარდაცვლილი ფეხბურთელის სახლში ნანახზე მძიმე დეტალები გაამხილეს

არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

VIDEO: „ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში…“ – თათია პაჭკორია

„ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში...“ - ამის შესახებ პროფესორმა, თათია პაჭკორიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა – გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჯორჯია მელონი – ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს, თუ ის არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ...

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღმიშნა მელონიმ.მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები