პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ირაკლი კობახიძე – ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეში მყოფი პოლიტიკოსები მხარდამჭერებს ატყუებდნენ, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა რიგიანი არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის 28 ოქტომბერი

ცნობილია მომდევნო არჩევნების თარიღი, სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ოთხ წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია.

„ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა – როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო ოთხი წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, ოთხ წელიწადში იქნება არჩევნები.

ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია.  რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) კოორდინატორია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო პროექტ FORGE-AI-ის განხორციელებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული. სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, სამწლიან პროექტ FORGE-AI-ში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან ერთად, ჩართულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან. მათი ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FORGE-AI-ის ფარგლებში შექმნილი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების კონსორციუმის მეცნიერებსა და მკვლევრებს მორიგ წარმატებას ულოცავს. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, ასევე ხორციელდება „ჰორიზონტი ევროპის” კიდევ ერთი საგრანტო პროექტი - „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის "ნეთვორკინგის" და "თვინინგის" ინიციატივა - GAIN. „მეცნიერთა ჯგუფს, ქართული და უცხოური უნივერსიტეტების გაერთიანებას ვულოცავ მორიგ წარმატებას. პროექტი - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ - მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალგაზრდა მკვლევართა კარიერული ზრდისა და მეცნიერული წინსვლისთვის. ეს არის შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, ასევე, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვისა და დემონსტრირებისთვის. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელით, საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს”, - აცხადებს დავით გურგენიძე. სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) - განხორციელება 2025 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.

ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა და ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2 500 ლარი

თბილისის საქალაქოს სასამართლომ "კოლიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააჯარიმა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეუჩერა. "იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2,500ლ ვაი ვაი" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუკში". შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2024 წლის 2 დეკემბერს  თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ. დალავებიდან რამდენიმე საათში "კოალიცია ცვლილებებისთვის"ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გარეთ ვარ"

გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეა

"ლიონის" გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ხმა მისცა 13 500-ზე მეტმა ქომაგმა, რამაც ხმების 76% პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე რაიან შერკია (22%), ხოლო მესამეზე - ნიკოლას ტალიაფიკო (2%). შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ დეკემბერში 3 გოლი გაიტანა.

ბოლო სიახლეები