ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო, ახლა უკვე ქვეყნის გარედან. ეს არ არის სწორი. 2012 წლამდე ასეთ მეთოდებს „ნაცმოძრაობა“ იყენებდა – მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს. ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან. ეს არის პრინციპულად მიუღებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელმაც სანქცირებული მოსამართლეები კორუმპირებულ მოსამართლეებად მოიხსენია.
„ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ გაზეთებში ამოიკითხეს რაღაც ინფორმაცია, რაც გახდა სანქცირების საფუძველი, რაც წარმოუდგენელი რამ არის. იცით, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დისციპლინურ დევნას და უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი იმისთვის, რომ რაიმე დისციპლინური სანქცია შეეფარდოს მოსამართლეს.
როდესაც უცხო ქვეყნიდან ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ეს პირდაპირ ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება, ამაზე ჩვენ გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. როდესაც მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას. ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო, ახლა უკვე ქვეყნის გარედან. ეს არ არის სწორი. 2012 წლამდე ასეთ მეთოდებს „ნაცმოძრაობა“ იყენებდა – მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს. ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან. ეს არის პრინციპულად მიუღებელი. ამაზე მომავალშიც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
