მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პარტიას შეთანხმების ხელმოწერა მოუწევს.
„უპირველეს ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება.
გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.
დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა”, – განაცხადა კობახიძემ.