მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი მინისტრი წარადგინა.
პრემიერის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში.
„დღეს ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგვმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, ყველა, მათ შორის მეც, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი საქმე, დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგვმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, თუმცა ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე ცალკე მინდა, აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის განსაკუთრებული კაცი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. ის არის ჩვენი მეგობარი და წარმატებები მას ყველაფერში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.