შაბათი, იანვარი 4, 2025

ირაკლი კობახიძე – მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს

მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს!

2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს!

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.

მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში.

ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება.

ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის.

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.

2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს!“, – აღნიშნავს პრემიერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სასწაული – როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი კავსაძე მძიმე სენისგან

კახი კავსაძის თავს გადამხდარ სასწაულზე შესაძლოა გაგებული გქონდეთ. ლეგენდარული მსახიობის ძმამ, ოპერის მომღერალმა - იმერი კავსაძემ, "პრაიმტაიმთან" გაიხსენა, როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი მძიმე სენისგან. იმერი კავსაძე: – კახის ბევრი ნარკოზი ჰქონდა განაკეთები, უამრავი ოპერაცია გადაიტანა, თან მძიმე ოპერაციები. ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებდა. გერმანიაში მორიგი გამგზავრების წინ, კახის საშარდე ბუშტზე გადაუღეს სურათი და ყვავილივით გაშლილი პოლიპები აღმოჩნდა, ძალიან ცუდი დიაგნოზი… გამგზავრების წინ მივიდა უწმინდესთან. მან დალოცა და გამოაცხადა, ბატონი კახი გერმანიაში მიდის და მოდით, მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცოთო. ასე დალოცა და გაუშვა. კახი ჩავიდა გერმანიაში, აჩვენა ექიმს გადაღებული სურათი. კახი ჰყვება, ეს კაცი ჩემი სურათის ნახვისას გაშავდაო. დაიწყეს ექოსკოპიის კეთება, ვაა, გაოცებულია. დაუძახა განყოფილების უფროსს, მერე პალატის ექიმს, ყველანი გაშტერებული ათვალიერებდნენ თურმე დაავადებულ ორგანოს. მაგრამ წინა დღეს გადაღებული სურათი ექოსკოპიისას აღარ დახვდათ! აბსოლუტურად გამქრალი იყო ის პოლიპები. “იმიტომ აღარ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცაო” – უთქვამს გერმანელი ექიმებისთვის კახის. ისინი გაოცებული უყურებდნენ თურმე. სასწაულია, აბა, რა არის? ჩამოვიდა კახი, უწმინდესის წინ მუხლებზე დაეცა და ეს ამბავი მოუყვა.

ავიაკატასტროფა შეერთებული შტატებში – მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შეეჯახა

სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ ფულერტონში ავიაკატასტროფას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შეეჯახა. რამაც შენობაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, მეხანძრეებმა ტერიტორიიდან 200 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში 20 პირი გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა, შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა ქალაქ ფულერტონის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს გამოძიების წინასწარი დასკვნით დგინდება, რომ 4-ადგილიანი თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, 275 მეტრის სიმაღლიდან, საჰაერო მიმოსვლის ოპერატორს აეროპორტში დაუყოვნებლივ დაბრუნების ნებართვას სთხოვდა. აეროპორტიდან მიღებული ნებართვის მიუხედავად, თვითმფრინავმა ტრაექტორია შეცვალა და ახლომდებარე შენობას შეეჯახა.

დონალდ ტრამპი – ვულოცავ მაიკ ჯონსონს კონგრესში უპრეცედენტო ნდობის მოპოვებას, ის დიდებული სპიკერი იქნება, ხალხი ოთხი წელი ელოდებოდა საღ აზრს, სიძლიერესა და ლიდერობას, ისინი...

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ულოცავს და აცხადებს, რომ ჯონსონი შესანიშნავი სპიკერი იქნება. „ვულოცავ სპიკერ მაიკ ჯონსონს კონგრესში უპრეცედენტო ნდობის მოპოვებას. მაიკი იქნება დიდებული სპიკერი, ხოლო ჩვენი ქვეყანა იქნება ბენეფიციარი. ამერიკის ხალხი ოთხი წელი ელოდებოდა საღ აზრს, სიძლიერესა და ლიდერობას. ისინი მიიღებენ ამას ახლა და ამერიკა უფრო დიადი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მაიკ ჯონსონს მხარი დაუჭირა ამ კვირის დასაწყისში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ესაუბრა რესპუბლიკელ დეპუტატებს, რალფ ნორმანს და კეიტ სელფს, რომლებმაც პირველ კენჭისყრაზე მაიკ ჯონსონს მხარი არ დაუჭირეს, მეორე კენჭისყრაზე კი აზრი შეიცვალეს. აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, მას მხარი დაუჭირა 218-მა რესპუბლიკელმა, ერთმა თანაპარტიელმა კი სხვა კანდიდატს მისცა ხმა. მაიკ ჯონსონს 215 დემოკრატი კანონმდებლიდან მხარი არცერთმა არ დაუჭირა.  

ბუდუ ზივზივაძე – მინდოდა, შესაძლებლობა გამომეყენებინა და ბუნდესლიგაში მეთამაშა

მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირმა, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის „ჰაინდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განმარტა, რატომ გადაწყვიტა ბუნდესლიგის აუტსაიდერ გუნდში თამაში. „ტრანსფერებზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, რომ გუნდში გადავსულიყავი. მინდოდა, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და ბუნდესლიგაში დაუყოვნებლივ მეთამაშა. მინდა, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და სეზონის ბოლოს ბუნდესლიგაში დავრჩეთ. მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატის განახლებას“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ზივზივაძე ახალ გუნდში მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუედან“ გადავიდა, სადაც 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და გუნდს ესპანეთის ქალაქ ალგორფაში მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდება.

VIDEO: სკოლა, სადაც ილია II რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა – რას იხსენებენ პატრიარქზე ადგილობრივები

4 იანვარი ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს პატრიარქს 91 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. სოფელ სნოს სკოლა, სადაც ილია II რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა და ადამიანები, რომლებიც პატრიარქზე საინტერესო ამბებს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში იხსენებენ. ნახეთ ვიდეო არქივიდან:

ბოლო სიახლეები