მთლიანად უნდა გავყვეთ სარჩელის არსს და აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიებს უკავშირდება ის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური ძალების აკრძალვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.
„აქ გვაქვს შემდეგი არგუმენტები – პირველ რიგში, ვიხსენებთ იმას, თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და „ნაცმოძრაობა“ , „ახალი“ – ეს მოგეხსენებათ, ერთი და იგივე შემადგენლობაა, ერთი პარტია არის მეორის გაგრძელება, ეს ისტორიულად ასეა. რაც შეეხება ამ პერიოდს, ეს პერიოდი დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისა და ადამიანის უფლებების ტოტალურ, სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასთან. ამის უამრავი ფაქტია ჩამოთვლილი სარჩელში, ეს სარჩელი ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას, საქმიანობას და არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელსაც ფარავს ამ სარჩელის შინაარსი. ეს არის იგივე ადამიანების წამების, მკვლელობის, ადამიანებზე ძალადობის სისტემის ჩამოყალიბება, რაც იმ რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი 2004-2012 წლებში, ციხეებში და არამარტო, ციხეებში, ციხეებს გარეთ – ტოტალურად ხდებოდა ადამიანების ღირსების ხელყოფა, წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა, 150-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი მოკლეს პირდაპირ ქუჩებში, ეს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო. ანუ ამ მიმართულებით, აბსოლუტურად სისტემურად, სისტემატურად, ტოტალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების ხელყოფა. მეორე – ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა სხვადასხვა ფორმით, მარტო ის ცნობილი კასრები და იქ აღმოჩენილი შესაბამისი ჩანაწერები რად ღირს ხომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამაზეც ვრცლად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე სარჩელში. საკუთრების უფლების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი. აქაც უამრავი ფაქტია და ამის შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ეს არის მედიის თავისუფლების ხელყოფა. მათი საქმიანობა შეეხო რამდენიმე ათეულ მედიასაშუალებას უმძიმესი ფორმით და ამაზეც დეტალურად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ისე სარჩელში,“- განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებები, ისევე როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რასაც ეფუძნება კონსტიტუციური წყობილება და ამის ხელყოფა მოხდა სისტემური, სისტემატური სახით, სწორედ, „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.
„ამით, რეალურად, მათ პრაქტიკულად შეასრულეს ის პუნქტი კონსტიტუციის ჩანაწერიდან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მათი მხრიდან პირდაპირ მოხდა იმ ძირითადი ფუნდამენტის ხელყოფა კონსტიტუციური წყობილებისა, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აქედან გამომდინარე, აქ არის ძალიან მყარი საფუძველი, რომ ვისაუბროთ ჩვენ, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახალის“ აკრძალვაზე, არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება „ლელოს“, აღნიშნული პარტიის ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, რაც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფასა და ბიზნესის რეკეტს უკავშირდება.
„რაც შეეხება „ლელოს“, ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, არა ყველა ქმედებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ტიპის ქმედებებში, რომლებიც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესის რეკეტს უკავშირდება. კონკრეტულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რაც მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. მარტო ეს არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, საკმარისი კონკრეტულად ამ პარტიის, „ლელოს“ ასაკრძალად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის მოხსენიებული სარჩელში და ამყარებს შემდგომ უკვე გაგრძელებას, რაც არის დაკავშირებული „ლელოსთან“,- განაცხადა პრემიერმა.

