ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მზად არის, სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„ჩვენ მოთმინებით ველოდებით ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი არის გადადგმული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ ერთი რამ, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მეტიც, მზად ვართ, დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი ამ სტრატეგიული პარტნიორობისათვის, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, როგორც აშშ-სთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მკაფიო შეთავაზება, რაც კი ჩვენგან შეიძლებოდა, გაკეთებულიყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და იმედია, ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული. თავისთავად, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ. თუ ასე განვითარდება პროცესები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აუცილებლად გადაიტვირთება“, – განაცხადა პრემიერმა.