ერთდღიანი აჟიოტაჟი იყო და ჩაქრა, როგორც კი ნახეს, რომ რეალურად, მედიის თავისუფლებას საფრთხე ვერ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მედიის თავისუფლების ხელყოფის მცდელობა ეფექტური ვერ იქნება.
„ასევე, ეფექტური ვერ იქნება ოპოზიციის გამოცოცხლების მცდელობაც. რაღაც ორდღიან იმპულსებს აძლევენ ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას. ამის იქით ვერ მიდიან. იგივე მოხდა, იყო ერთდღიანი აჟიოტაჟი და ჩაქრა, როგორც კი ნახეს, რომ რეალურად, მედიის თავისუფლებას საფრთხე ვერ შეექმნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, „პულსი თუ არ ესინჯება ოპოზიციას, პროცესის ნორმალიზებისთვის ხომ არ ფიქრობთ, ჩაატაროთ ახალი არჩევნები?“, კობახიძემ უპასუხა:
„ვინმეს თუ არ აწყობს არჩევნები, ეს არის ოპოზიცია. ჩვენ ხომ გვირჩევნია, კონსტიტუციას პატივი ვცეთ? კონსტიტუციით არის დადგენილი საპარლამენტო არჩევნების ოთხწლიანი ვადა. მოდით, პატივი ვცეთ კონსტიტუციას. 54% ავიღეთ წინა არჩევნებში, ამ არჩევნებში შეგვიძლია, ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღეს ვხედავთ, რომ მთლიანად ოპოზიცია მართლაც ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაშია, ცოცხალიც უკვე გადაჭარბებული სიტყვაა ამ თანწყობაში. შესაბამისად, ამ არჩევნებში უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ვადებს. მარტივად არის საქმე“.

