პარასკევი, ივლისი 25, 2025

ირაკლი კობახიძე – ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა, მეორე მხარეს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა, ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება – თუ უნდათ, რევოლუცია მოაწყონ, ვერ მიაღწევენ, იმედი ნურავის ექნება

იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადგან ვინმეს თუ უნდა, მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს, თუ რა დგას სასწორზე ევროპული ბიუროკრატის მხრიდან.

„ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვინც გვლანძღავდა, რატომ იძულებით არ გავიყვანეთ სადგურის მოედანზე მცხოვრებლები, დღეს უტიფრად აცხადებს, რომ მეოთხე კატეგორიის შენობებიდან შეჭრილი ხალხის გაყვანა დანაშაულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა, თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.„ავარიული კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში, ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 17 პირია დაკავებული

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით არიან დაკავებულები.არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა.მაკრონი მშვიდობისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ასევე „ჰამასის“ დემილიტარიზაცია, ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა.„აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის მიღწევა, რომ დემილიტარიზების მიღებისა და ისრაელის სრული აღიარების შემდეგ ხელი შეეწყოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებას.ალტერნატივა არ არსებობს. ფრანგებს მშვიდობა სურთ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენზეა დამოუკიდებული, ფრანგებზე, ისრაელელებთან, პალესტინელებთან, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი – მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს

მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილებით შეუძლია ქვეყნის დახმარება.„ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ, ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში. კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის „ბეზპრედელით“, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნესგარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით. ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა, თავის მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილსა და აბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად, ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2024 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენის მიერ ტაძრის ექსტერიერისთვის მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.„ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ამავე ტერიტორიაზე მდებარე ფეიქარ-ხანის სასახლისა და სატრაპეზოს რეაბილიტაციას. იყალთოს სამონასტრო კომპლექსში დაგეგმილია ფერისცვალების ტაძრის სრული რეაბილიტაცია, მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მოწყობა ტერიტორიიდან წყლის გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ტაძრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, ფასადებზე იგება ხარაჩოები. აგრეთვე, ტაძრის ჩრდილოეთით იჭრება მიწა წყალგადამყვანი არხების მოსაწყობად. ტაძრის საძირკვლის გამაგრების შემდგომ შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ბზარების ინექტირება, ანტისეისმური სარტყლების მოწყობა, საბურველის გადაწყობა. დაგეგმილია იყალთოს აკადემიის შენობის საძირკვლის გამაგრება, კედლების კონსერვაცია. აკადემიის შენობის კედლების გამაგრების მოსამზადებელი სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა ახალი არქეოლოგიური უბანი. სააგენტო სპეციალისტების მონაწილეობით გეგმავს ამ ტერიტორიის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ეპარქიის მმართველთან ერთად განიხილა ორივე ძეგლთან დაკავშირებული საჭიროებები და დასახა მათი მოგვარების გზები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები