ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად. როდესაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ეს ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ ექვსი რეზოლუცია მიიღეს, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა და საარჩევნო პროცესებში ჩაერია, პირდაპირ მოუწოდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„პირდაპირი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროკავშირის ელჩმა და ბევრ სხვა მაგალითსაც გაგახსენებთ. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, საქართველოს შიდა საქმეებში. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო კამპანიის ნაწილი. ეს კამპანია დაიწყო, არსებითად, 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. სხვა ახსნა რა აქვს, 8 ქვეყანას უნდა იწვევდე და აქედან 7-ს იწვევ და საქართველოს – არა, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მტკიცებით, ამ 8 ქვეყნიდან საქართველო იყო ყველაზე არაპროდასავლური და ყველაზე არადემოკრატიული. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ეს მიდგომა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

