შაბათი, ოქტომბერი 4, 2025

ირაკლი კობახიძე: დაპირება, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, გადაჭარბებით შევასრულეთ, ასეთი გამარჯვება სჭირდება ქვეყნის შეუქცევად, სტაბილურ განვითარებას

ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, ეს ხმამაღალი დაპირება გადაჭარბებით შევასრულეთ და ეს ძალიან კარგია, რადგან ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება ქვეყნის შეუქცევად, სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გამარჯვება „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს მიულოცა.

„ყველას მინდა, მოგილოცოთ და, ასევე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ერთად დგომა რომ არა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მე მგონი გადაჭარბებით შევასრულეთ და ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს, შეუქცევადად, სტაბილურად განვითარდეს.

ყველა კანდიდატს მინდა, მივულოცო. ყველა კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ჩვენს მთავარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – კახა კალაძეს, რომელმაც უკვე მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება. ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც აქვს გაკეთებული კახა კალაძეს. ასევე, მინდა, თითოეულ მერობის კანდიდატს, უკვე არჩეულ მერს, მივულოცო არჩევა. დარწმუნებული ვარ, მათი ხელმძღვანელობით თითოეული მუნიციპალიტეტი განვითარდება და წინ წავა ძალიან სწრაფი ტემპებით. საკრებულოს წევრებს, ყველას, მინდა, მივულოცო.

განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, შტაბის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს. დაუღალავი შრომის შედეგიც არის ყველაფერთან ერთად ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა და, რაც მთავარია, მადლობა ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ქვეყანას რაც დღეს აქვს – მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და დღევანდელი გამარჯვებაც არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის. გილოცავთ და მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირინა სარიშვილი – ერთდღიანი ბლიცგამარჯვება სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდის, რაც პირადად ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო, ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ

ერთდღიანი ბლიცგამარჯვება სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდის, რაც პირადად ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო და ვერაფერ დრამატულს ამაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.სარიშვილი აღნიშნავს, რომ დღეიდან იწყება სრულიად ახალი პროცესი, რომელმაც შეიძლება, რამდენიმე დღე გასტანოს და მთავარია, არ იყოს უკან დახევა.„მდგომარეობა არის ასეთი:დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო ქართველი ხალხის მშვიდობიანი რევოლუცია ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ბანდისგან საქართველოს განთავისუფლების მიზნით. ერთდღიანი ბლიცგამარჯვება სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდის, რაც პირადად ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო და ვერაფერ დრამატულს ამაში ვერ ვხედავ.მთავარი, რაც დღეს მოხდა, ეროვნულმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ბანდისგან საქართველოს განთავისუფლების შესახებ.ეს ნიშნავს იმას, რომ დღეიდან იწყება სრულიად ახალი პროცესი, რომელმაც შეიძლება, რამდენიმე დღე გასტანოს. მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად და უკან არ დავიხიოთ.ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია და არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებ.მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, რომ თუ ამისთვის მზად არ ვართ, სხვანაირად არაფერი გამოვა.არ ვიშლებით, თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ!ბოლომდე ნიშნავს ბოლომდე! ბოლომდე!“, – წერს ირინა სარიშვილი.

ცესკომ მონაცემები განაახლა

ცესკომ მონაცემები განაახლა.საქართველოში 3061 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 2233 უბანზე, რაც საერთო რაოდენობის 72.95%-ს შეადგენს.ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისში 584 უბნიდან დათვლილია 572, საარჩევნო უბნების 97.945% და მათივე მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა კახა კალაძე — 71.55%, ირაკლი კუპრაძე — 12.45% იაგო ხვიჩია — 7.652% ზურა მახარაძე — 4.12% კახა კუკავა — 1.46% ოთარ ჭითანავა — 0.88% გიორგი გაჩეჩილაძე — 0.77% თეიმურაზ ბოკელავაძე — 0.76% გიორგი ლილუაშვილი — 0.44%.

„გახარია საქართველოსთვის“ – რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, ძალადობა მიუღებელია! – მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში

რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია! მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ „ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“.„რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია!მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში!ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“,- აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს და იყენებს წყლის ჭავლს.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები დარჩეს კანონისა და კონსტიტუციის ჭრილში, - განუცხადა „ქრონიკას“ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.„მინდა მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას, არ გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე და ამავე დროს, მოვუწოდებ პოლიციას მაქსიმალურად დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება. ასევე, უზრუნველყოს მათი შეკრების თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.ძალიან სამწუხარო პროცესებს ვადევნებთ თვალყურს. ამიტომ, ეს პროპორციულობა უნდა იყოს დაცული როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან, ისე საპოლიციო ძალების მხრიდან“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.მისივე თქმით, არცერთი ძალადობრივი აქცია არ არის დემოკრატიული.„არც ჯებირის დანგრევა და რა თქმა უნდა, არც ეზოში შეჭრა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიანად დგანან და საკუთარ აზრს გამოხატავენ, მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ბიძინა ივანიშვილი: დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს.მისივე თქმით, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო.„მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება. გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. აი, ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ უკვე ჩვენს წინაპარს.ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაშია ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბოლო სიახლეები