გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში შესვლით გახარიას პარტიამ სამართლებრივად თავი გადაირჩინა საკონსტიტუციო სარჩელში მონაწილეობისგან.
„მთავარი არის პარლამენტი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი არსით არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება არის პარლამენტი. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო – როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან – არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

