გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას.
„ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართველი ხალხის მიმართ. ხშირად ვადარებთ მოლდოვას ჩვენს ქვეყანას. კორუფცია ყვავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტეა ინსტიტუტების, დსთ-ს წევრია და ა.შ. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად. იქ პარტიებს კრძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ, ამისათვის. პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს. საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება. აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას. სად ჩანს კიდევ ერთი უსამართლობა განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მიმართ – მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი იყო მომხრე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შემცირდა ნდობა, სამწუხაროდ, არამარტო ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის, როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა ჯერ კიდევ არის 50 პროცენტი. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტმა გამოაცხადა მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.