სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

ირაკლი კობახიძე – ბავშვებში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებში, არ შეიძლება, წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს მოხდეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

„ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, მაგალითად, სადაც ქალს შეუძლია, მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად, ან კაცი მივიდეს და გადაეწეროს ქალად. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთი პუნქტი, რასაც ეხება, მაგალითად, ეს კანონი. ვინმე თუ დამიმტკიცებს განსხვავებულს, ქალი რომ ხარ, შეგიძლია, მიხვიდე და ჩაეწერო კაცად და კაცი რომ ხარ, შეგიძლია, ჩაეწერო ქალად, მაშინ, კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, მე შემიძლია, ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი, მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად ან რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი, როგორც ადამიანის რეგისტრაცია? ამ დონის აბსურდზეა საუბარი. კანონში საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში, არ შეიძლება, წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში. არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ჯანსაღი კანონი. ვინმე თუ დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამ არის ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, არ მგონია, რომ კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს. არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხსა და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია და საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე შენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.ფრანგული მედიის ინფორმაციით, ციხის საკნებიდან პატიმრების შეძახილი ისმოდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „სარკოზი აქ არის“.თავად ნიკოლა სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.„უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს“, – დაწერა ნიკოლა სარკოზიმ.ამასთან, ციხის დირექტორის განცხადებით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება – სამინისტრო

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს."ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხების განხილვა იყო.„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა ისეთი რეგულაციის შემუშავებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის სამინისტროებისთვის, მათი სისტემაში შემავალი უწყებებისთვის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, თვითმმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვის აკრძალვა. ეს ნაბიჯი პლასტიკის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.უწყების ცნობით, საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებს. სექტორისთვის მისაღები პირობებისა და გამოწვევების გასაანალიზებლად შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნივთს – ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, კოვზს, ჩანგალს, დანას, საწრუპს, თეფშსა და სასმლის მოსარევს – მოიხმარს, რაც 3,9–5,9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად.გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც  იწარმოება სხვადასხვა  დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში  ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ რძე  ლაბორატორიულად  მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების  ნარჩენების (ანტიბიოტიკების),  აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის  განსაზღვრა და სხვა.კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს,  არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი  ცხოველური  წარმოშობის  სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების  რისკი მაღალია.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ (50 გრამამდე) აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 3 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ბოლო სიახლეები