ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026

ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

„ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თელავს სჭირდება საცურაო აუზი და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია.

„დღეს ვთხოვე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომ უკვე მოამზადოს ეს საკითხი. თელავს ასევე სჭირდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თელაველები უახლოეს მომავალში ასეთი ინფრასტრუქტურით იყვნენ უზრუნველყოფილები. რაც შეეხება არსებულ დარბაზს, ეს სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა“ შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის“ დაქვემდებარებაშია.

კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის, კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა

ბრიუსელის ელიტას სურს, უნგრეთის მთავრობა ნებისმიერი საშუალებით გადააყენოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ორბანის თქმით, ეს არის ბრიუსელის და კიევის ომის გეგმა.„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემამ, „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ. ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებას წარმოადგენს. ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ პარტია „ტიზა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა და აღარ იქნება მათ კონფლიქტში ჩაურევლობა. ამ აპრილში საარჩევნო ყუთთან უნგრელებმა უნდა შეაჩერონ ისინი. „ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.ცნობისთვის, გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ამუშავებს 5-ნაბიჯიან გეგმას 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში ნაწილობრივ გასაწევრიანებლად.

„დილის პროდუქტების“ დირექტორი – ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება, გავაძვირეთ 9 იანვრიდან, პრემიერის გამოსვლის შემდეგ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ ეს მოხდა ჩვენი მოგების...

ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. პრემიერის გამოსვლის შემდეგ შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე, – ამის შესახებ „დილის პროდუქტების“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლისა და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა ვითარება არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ამინდზე, ფასზე, მოსავალზე. ასევე არის აქციზები, როცა უნდათ, გააკეთებენ, როცა უნდათ – არა. როცა უნდათ, რიგებს გააკეთებენ, როცა უნდათ – არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ, რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან.25 დეკემბერს იყო პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი, საშუალება გვქონდა, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პრემიერისთვისაც პირადად აგვეხსნა ვითარება, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავბრუნებოდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არა, რომ დიდი მარჟა გვქონდა. ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით ძველ ფასებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე, როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი, ვერ დავუშვებ, ჩემი წარმოება იყოს დაუცველი, არ ვიშოვო იმდენი ფული, რომ დარგი რისკების გარეშე ვამუშაო. მით უმეტეს, ეპიდემიოლოგიური კუთხით დღესდღეობით ძალიან ცუდი ვითარებაა ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში. დიდი ყურადღებით, გულისყურით ვაკვირდებით ამ ყველაფერს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთი თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა და ამ შემთხვევაში რაღაც დაწევა, თუ დაიწევს 18-27%-ით, რა თქმა უნდა, კომისიასთან, კონკრეტულ ორგანოებთან ერთად შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“, – განაცხადა გია ლობჟანიძემ.

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და ინვესტორს არ დაელოდონ.„გვინდა, კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში – კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა, დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა, ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა დაცვაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია.„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს V ან IV კატეგორია; გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე; აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს. თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, გამოსყიდვის პროგრამაში ჩართოს მათ შორის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებიც იმავე პირობებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა ფართი, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა.„ზოგიერთი ფართის გამოსყიდვა ცხადია ვერ მოხდება, მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება (სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება); ავტოფარეხი/ავტოსადგომი (ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს ვიღებთ და მათ ადგილას ვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეებს); სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი და არ გამოიყენება საცხოვრებლად (თუ სხვენი ან ტერასა, კეთილმოწყობილი იქნება და გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, მაგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფართებსაც გამოვისყიდით)“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ის ფართები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდება.„ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადდება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქგეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარდა, დედაქალაქში მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არსებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში.„თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და ყველა ვხედავთ, თუ როგორი გალამაზებული, განახლებულია ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი და სხვა ისტორიული არეალები; შევქმენით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს. მთავარია ამ ავარიული სახლის 100% მესაკუთრეთა თანხმობა; ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, K2 კოეფიციენტის მატება იქნება ეს თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – მოლოდინი მაქვს, რომ ლორა თორნტონი გამოცხადდება ჰელსინკის კომისიაზე, მაინტერესებს, კვლავ თუ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე

მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი კიდევ გამოცხადდება ჰელსინკის კომისიაზე და მაინტერესებს, ის კვლავ თუ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, როგორც ჩანს, ლორა თორნტონის მსგავსი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია საქართველოსთან მიმართებით.„ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი – „ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა

საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა.„„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“ – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა, თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს ათეულობით პოლიციელს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო.„ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა. მათ შორის დიდი ზღვარია“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები