ხელბურთში ეროვნული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება.
რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ ბოლო ტურში „ბაკაუ“ 42:31 დაამარცხა. ირაკლი კბილაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მატჩის შემდეგ „ტურდასა“ და კბილაშვილს რუმინეთის ვიცე-ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ჯილდოები გადაეცათ.
პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში დასარჩენ ექვსეულში მოთამაშე „აზოტმა“ 43:34 დაამარცხა „სლასკი“. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს 12 მოგერიება ჰქონდა, გიორგი დიხამინჯიამ კი 7 გოლი გაიტანა.
„აზოტმა“ 37 ქულა დააგროვა, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 18 ქულით ასწრებს და ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს.
სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის პირველ მატჩში „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „ვოივოდინა“ 34:32 დაამარცხა. მირიან გავაშელიშვილმა, რომელიც სერბეთში ბოლო სეზონს ატარებს და კარიერას პოლონეთში გააგრძელებს, ერთი გოლი გაიტანა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 მაისს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ფინალში გავა და ჩემპიონობისთვის „პარტიზანსა“ და „პანჩევოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნახევარფინალში დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.