დაიშალა ბიპოლარული სამყარო, შეერთებული შტატების ჰეგემონია ასევე დასრულებულია და ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული ბევრ ორგანიზაციაში, მათ შორის, გაერო-ში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურ განზომილებაში ლიბერალური დღის წესრიგი სრულდება.
„აგერ, ტრამპი გავიდა გაერო-ს მთელი რიგი შვილობილი ორგანიზაციებიდან, ევროკავშირში დაწყებულია ცენტრიდანული აჩქარება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმება განიცდის სერიოზულ კრიზისს. ლიბერალური დღის წესრიგი, მათ შორის, ეკონომიკურ განზომილებაში სრულდება, პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად განულებულია და დღეს მიმდინარეობს ახალი წესრიგისკენ სვლა. სამწუხაროდ, ეს სვლა არის კონფლიქტებით დახუნძლული და იქნება კონფლიქტებით დახუნძლული”, – განაცხადა გოგავამ.
მისი თქმით, ჩვენი, საქართველოს მთავარი ამოცანაა, ამ კონფლიქტებში რომელიმე ბანაკის მხარეს არ აღმოვჩნდეთ.
„გავილახებით ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, როგორც ადრე დაყოფილა და როგორც ადრე თავს მოგვახვიეს ეს სცენარი“, – განაცხადა გოგავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი შეიძლება, აღმოჩნდეს ახალი დღის წესრიგი ზოგადად, ირაკლი გოგავამ აღნიშნა, რომ არის რამდენიმე მოდელი, რომელზეც საუბრობენ.
„ერთი ეს არის სამპოლუსიანი მოდელი, მეორე ეს არის ოთხპოლუსიანი მოდელი. სავარაუდოდ, იქნება 3+1, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ამ ოთხ პოლუსზე გადალაგდება“, – განაცხადა გოგავამ.

