გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.
მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის, შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.
„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.
მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.
„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

