ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელიც სომხეთიდანაა. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა. 2 ახალი დადასტურებული მივიღეთ. ორივე იმპორტირებულია, 2 სტუდენტი, რომელიც სომხეთში სწავლობდა და იქედან დაბრუნებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში დადასტურებულია 911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 768 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.