ინდოეთში მოულოდნელად მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია. დაღუპულია ოთხი ადამიანი.
სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უტარაკჰანდის შტატს დაატყდა თავს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და სამხედროებიც, რომლებიც ყველაზე მეტად დაზრალებულ სოფელ დჰარალიში 50-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
კადრებში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ჩანს ღვარცოფის ტალღა, რომელმაც სახლები გაანადგურა და წაიღო. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ სოფელი დჰარალი ტურისტული ადგილია, სადაც უამრავი სასტუმრო და რესტორანია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. სამაშველო ოპერაციას ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.
ამასთან, ღვარცოფმა რეგიონის უდიდესი მდინარის კალაპოტი შეცვალა, რის შედეგადაც წარმოიქმნა ხელოვნური ტბა, დაიტბორა უზარმაზარი ტერიტორია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელოვნური ტბიდან წყლის დროულად ამოტუმბვა თუ არ მოხდება, მაშინ შესაძლოა. სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქალაქებსა და სოფლებს. ადგილზე ჩასული სამხედროები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მდინარისგან შორს დაიჭირონ თავი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების დასახმარებლად.