პარასკევი, აპრილი 18, 2025

იმ დღეს, პირველად ვნახე ჩემი მშობლები ასეთი აფორიაქებული… დედა ხელს არ მიშვებდა… მამას კი თვალებში შეპარული სიამაყე უბრწყინავდა… ამ სისხლიანი ღამიდან რამდენიმე დღეში კი, დედა აღარ ჰყავდა უკვე…ზუსტად ერთ წელიწადში აღარც მამა…-ნანა მახარაძის ტრაგედია

მარი ნანა მახარაძე იური მეჩითოვის ფოტოდან – 9 აპრილის ისტორიის ნაწილია. “გოგონა დროშით” – ასე იცნობენ დღემდე. ფოტომ უკვდავყო და დამოუკიდებელ საქართველოსთვის მებრძოლ ქართველთა რიგებში რომ მოიაზრება, თავისთავად ბედნიერების მომნიჭებელი განცდაა…

თქვა, რომ 9 აპრილის ღამით “მამაო ჩვენო” პირველად თქვა ზეპირად. ამ სისხლიანი ღამიდან რამდენიმე დღეში კი, სიონში იდგა ლიტანიობას და უფალს გმირების სულებს ავედრებდა. თურმე, დედა აღარ ჰყავდა უკვე…

აი, როგორ იხსენებს იმ 19 წლის მამაცი გოგოს განცდებსა და ტრაგედიას, რაც იმ დროს დაატყდა თავს…

მარი ნანა მახარაძე: 

“არ ეშინოდა!!!”
საოცარი დღეა დღეს…
ტკივილიანი და ამასთან ერთად, ძალიან ამაღლებული, გამარჯვების მუხტით გამსჭვალული…
– მგონი შენი ფოტო დაიბეჭდა, მითხრეს გვერდით, ნაქირავებში მცხოვრებმა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა გოგონებმა.
– რაღაც გეშლებათ, ფოტო არსად გადამიღია, იყო პასუხი…
მაშინ არც მობილურები, არც გაჯეტები და არც სოციალური ქსელი არ არსებობდა.
სტუდენტი ვიყავი და როგორც ყველა რაიონიდან ჩამოსული, ბიძასთან ვცხოვრობდი.
სახლის ტელეფონზე ზარი გაისმა.
დედა რეკავდა:
– ფოტო ვნახეთ, სასწრაფოდ ჩამოდი, გაგიჟებულები ვართ.. მამაშენი ადგილს ვერ პოულობს, მოგკლავს მამიდაშენი, მოწამლული ხომ არ ხარ…
და კიდევ უამრავი რამ,რომელიც უკვე აღარც მესმოდა,რადგან გონებაში მიზეზს და საბაბს ვეძებდი,რომ არ წავსულიყავი…
რა მინდოდა იქ, როცა ფიზიკურად არაფერი მიჭირდა…
როცა ყველაზე დიდი და საინტერესო ამბები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში…
მაინც გაჭრა დედაჩემის ცრემლებმა…
სულ რამდენიმე დღით ჩავედი…
პირველად ვნახე ჩემი მშობლები ასეთი აფორიაქებული…
დედა ხელს არ მიშვებდა… მამას კი თვალებში შეპარული სიამაყე უბრწყინავდა…
მერე მისი საბუთების უჯრაში, გაზეთში ფრთხილად გადახვეული პლაკატი აღმოვაჩინე:
გაზეთში ეწერა: თურმე რა ძალა ჰქონიათ ამ კევი ღეჭია და მზესუმზირა ჭამია გოგო-ბიჭებს
პლაკატზე კი შავ-თეთრი ფოტო წარწერით: ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია…
– არ გეშინოდა მამა?
– რისი?
როგორი პასუხია? ალბათ, ზუსტად ისეთი, მხოლოდ 19 წლის შვილმა რომ უნდა გასცეს…

იმ დღეს ჩუმად, ორჯერ ისევ გავხსენი უჯრა და ფოტოს დავაკვირდი…
ვერანაირი მნიშვნელობა ვერ მივანიჭე, ასეთი გოგო-ბიჭები ხომ ათასობით მეხვია ირგვლივ…
მეორე დღეს “დაკითხვაზე” მამიდამ დამიძახა. ხელვაჩაურის რაიკომში მაღალი პარტიული თანამდებობა ეკავა და გადავწყვიტე რაც არ უნდა ეთქვა, ხმას არ ამოვიღებდი რომ მალე დამთავრებულიყო ჩემი “ტანჯვა”.
– არ გეშინოდა მამიდა?
– რისი?…
პასუხი ისევ იგივე იყო და ვერ ვხვდებოდი, საერთოდ რატომ უჩნდებოდათ ეს კითხვა…
მატარებელი საღამოს ცხრა საათზე უნდა ჩამომდგარიყო… ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი თბილისში.

შებინდებისას მე და დედა, მზის ჩასვლის სანახავად ზღვაზე გადავედით.
– არ გეშინოდა?
– არა, არ მეშინოდა, დედა…
შენ არ იცი იქ რა ხდება, ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, სამშობლოზე საუბრობენ, მის მომავალზე, ერთმანეთის სწამთ,თავს გაწირავენ, თვალებში იმედი უჩანთ, ჩვენ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ; დედა, იცი, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა? ან თავისუფლებას როგორი სურნელი ასდის…
და დედა, მე “მამაო ჩვენო” ზეპირად ვისწავლე…

მიყურებდა დედა უძირო და ულამაზესი ცისფერი თვალებით, ღიმილი უკრთოდა ტუჩის კუთხეში…
მზის უკანასკნელი სხივები კი ეფერებოდა ზღვის ჰორიზონტს…
– ჭკვიანად იყავი, არ შემარცხვინო…

დედის ამ სიტყვებს უკვე მატარებლის ბორბლები იმეორებდნენ…
რამდენიმე დღეში, სიონის ტაძარში ლიტანიობაზე ვიდექი…
აღდგომა თენდებოდა…
ღმერთს ვავედრებდით 9 აპრილს დაღუპულთა სულებს…

სახლში გამთენიისას დაბრუნებულს, ბიძაჩემი ფეხზე დამხვდა და მითხრა, გაემზადე სააღდგომოდ ჩაქვში მივდივართო.
ორი დღის ჩამოსულს, უკან მიწევდა დაბრუნება…
მახსოვს ვარდისფერი კაბა მეცვა…

ჩემ სახლთან უამრავი მანქანა იდგა… ეზოს ჭიშკარი კი ფართოდ გადაშლილი.. არ გამკვირვებია, აღდგომა დღე იყო…
ჩვენი ოჯახი, მუდამ ბევრ სტუმარს სტუმრობდა…
მაგრამ, თურმე დედა აღარ იყო…
დედა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ხელს არ მიშვებდა..

ზუსტად ერთ წელიწადში აღარც მამა… მათი სიყვარულის ამბავი ცალკე ისტორიაა…

მაშინ რომ გეკითხათ ჩემთვის – არ გეშინოდა? აუცილებლად გიპასუხებდით, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მეშინოდა…
დღეს ყველა თავის ისტორიას იხსენებს…
შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახულ გოგონას, რომელიც ყველამ შეიყვარეთ, მისი პირადი ტრაგედიებიც აკავშირებს აპრილთან…

იყოს ეს ფოტო აქ…
– “არ გეშინოდა” -სთვის… ყველა იმ გაჩერებული წამისთვის… ანთებული სანთლებისთვის…
თუნდაც ერთხელ დაძახებული “საქართველოსთვის”…
ერთხელ ქვეყნის სიყვარულით გათენებული ღამისთვის….
იმ გაუტეხელი ფიცისთვის, რასაც ვუერთგულეთ…
და იმ შეწირული გმირებისთვის, რომელთა დავიწყება შეუძლებელია..

ეს ფოტო, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფოტო სიმბოლოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, მისი ავტორია იური მეჩითოვი და მე მასზე რიგით გოგონას ვხედავ, რომელსაც “არ ეშინოდა”!!!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროკავშირი, როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიჰყვებოდა, მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის მოხდა გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ევროკავშირის ბიუროკრატია, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის გამო. მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ბევრი ქვეყნით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალით. ჩვენ თავს ნუ დავიმდაბლებთ, ნუ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ჭკვიანია ყველგან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ამის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს…“ – რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან.იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს... ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და....ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია...300-მდე ქართველი ვართო... თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ... უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის...არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი... აქ ყველა ჩვენ ვართეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, - წერია ფიქრია კუჭუხიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან, მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.„ათიდან ათ შეთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გამორიცხული ამბავია. გირაო 30 000 ლარი 50 დღის განმავლობაში – გადავიხდი თუ არა, ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ...

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.წამყვანმა მას ჰკითხა, ელის თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნეაპოლი გლოვობს-საბაგირო გზა ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ტრაგედია მოხდა მონტე ფაიტოს საბაგიროზე, რომელიც აკავშირებს კასტელამარე დი სტაბიას სადგურს (ნეაპოლი) მონტე ფაიტოს მწვერვალთან.ოთხი მგზავრი და მძღოლი სისტემის ზემო დინების სალონში იყო ჩარჩენილი, რომელიც ხევში ჩავარდა, გაუმართაობის გამო, დღეს, შუადღისას. დაღუპულთა რაოდენობა იყო ოთხი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.ქვემო დინებაზე მყოფ მეორე კაბინაში 16 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, როდესაც საბაგირო გზა გაწყდა და უსაფრთხოების სისტემამ ორივე კაბინა ჩაკეტა. თექვსმეტივე მგზავრი, ჰაერში იყო ჩამოკიდებული, საბედნიეროდ, მიწიდან მცირე მანძილით, რომლებიც თოკით  სათითაოდ ჩამოიყვანეს.საბაგირო გზა ხელახლა გაიხსნა ერთი კვირის წინ და 10 აპრილს განახლდა მარშრუტი, რომელიც გთავაზობთ თვალწარმტაცი ხედებს. - წერს იტალიური მედია

ბოლო სიახლეები