ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

როგორც ალიევი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა. კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, სარწმუნოებათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია მეორე მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა და ღრმა პატივისცემა, თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ დიდი დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“,  – აღნიშნულია ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლსა და თითოეულ მოქალაქეს სამძიმარს უცხადებს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რაც უმძიმესი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის.მისი უწმინდესობა იყო ერის სულიერი მამა, რომელმაც „სუდარაგადაფარებული საქართველოს ეკლესია“ დაუბრუნა სიცოცხლეს, საქართველოს გაუთენა „მზიანი ღამე“ და ქართველი ერი ჭეშმარიტების ძიების გზაზე დააყენა. პატრიარქის ავტორიტეტი სცდებოდა საეკლესიო სივრცეს და მოიცავდა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებას. იგი წარმოადგენდა იმ იშვიათ მოღვაწეს, რომელმაც შეძლო სულიერი ღირებულებებისა და განათლების იდეის ორგანული შერწყმა, რითაც განსაზღვრა მრავალი თაობის მსოფლმხედველობა და სამოქალაქო თვითშეგნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უდიდესი წვლილი ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში. უწმინდესის მოღვაწეობა ყოველთვის ემსახურებოდა მომავალი თაობის სულიერი ღირებულებების, ზნეობისა და განათლების მნიშვნელობის გაღრმავებას. მისი ხედვა ემყარებოდა რწმენას, რომ განათლებული და სულიერად გაძლიერებული თაობა ქვეყნის პროგრესის, მეცნიერების განვითარებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცების საფუძველია.პატრიარქის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტუდენტებში სულიერი ცნობიერების ამაღლებასა და ჰუმანისტური ღირებულებების განმტკიცებაში. ახალგაზრდებისთვის ცენტრი დღემდე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა, სულიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ მისი უწმინდესობის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ეს აღიარება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქართული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცისადმი პატივისცემის გამოხატულება იყო.დღეს ჩვენთვის ანდერძად ჟღერს 2026 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებული სიტყვები: „ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც - „ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება,“ სადაც პატრიარქმა გამოხატა თავისი ცხოვრების სიღრმისეული ფილოსოფია - თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა და ადამიანთა მიმართ უსაზღვრო სიყვარული. ეს მოწოდება არსებითად ასახავს პატრიარქის უმთავრეს გზავნილს: ცოდნა, სულიერი ზრდა და ნამდვილი ადამიანობა მჭიდრო კავშირშია თანაგრძნობასა და მომთმენობასთან. პატრიარქის ცხოვრება, ქადაგებანი და პიროვნული მაგალითი არის უწყვეტი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს.„თქვენო უწმინდესობავ, გემშვიდობებით!თქვენგან ბოძებული სიკეთენი დაუშრეტელ ნათელს ჰფენს ქართველი ერის სულსა და გულს“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

შალვა პაპუაშვილი – უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს – ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის, ის იყო...

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, სწამს, რომ „მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა-ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება“.„საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას. უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000 წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია. უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი.ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში. ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი.მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა-ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება“, - წერს პაპუაშვილი.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი – ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.„მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მის უდიდებულესობასთან, დედოფალ ელიზაბეტთან მისი შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მიხეილ ყაველაშვილი – უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში ილია მეორის გარდაცვალებამ, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ილია მეორის ღვაძლი ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში ფასდაუდებელია.„უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ.ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სოზარ სუბარი – პატრიარქმა მთელი ცხოვრება იღვაწა ჩვენი სულის გადასარჩენად, დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუძღვნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი წერს.როგორც სოზარ სუბარი წერს, 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.„უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს სულს, უწმინდესო და უნეტარესო. 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში შეძლო ქართველების დაბრუნება რწმენაში და ერის გაერთიანება ეკლესიის გარშემო, შექმნა ეპოქა, რომელიც გრძელდება მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგაც და არასდროს დასრულდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს.მთელი ცხოვრება ილოცა და იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად და საქართველოს ქრისტეს გზაზე დასაბრუნებლად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის. უფალმა ჩაიბაროს მისი წმინდა სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მშვიდობით განისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენი ლოცვა არ მოჰკლებოდეს საქართველოს“, – წერს სოზარ სუბარი.

ბოლო სიახლეები